მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეუთო/ოდირი არჩევნების შესახებ ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

ეუთოს შენობა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნული რეკომენდაციები უნდა იყოს განხილული ოდირის წინა რეკომენდაციებთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განსახილველად.

ანგარიშში მოყვანილია შემდეგი რეკომენდაციები:

👉„შეთანხმებული და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რათა ის კიდევ უფრო მეტად იყოს მოყვანილი შესაბამისობაში ეუთო-ს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან მომდევნო არჩევნებამდე ადრეულ პერიოდში და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის ფარგლებში.

👉 შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად. შესაძლებელია დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის თავიდან ასაცილებლად.

👉 საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და მისდამი ნდობის გასაზრდელად, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვის საკითხი.

👉 საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადადგან სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები ამომრჩევლებისა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირთა დაშინების შესახებ ბრალდებების შესაბამისი გამოძიებისთვის.

👉 უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების სისტემა პროცესის გასამარტივებლად და სამართლებრივი რეგულირების გასაფართოებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოქალაქეებმა, რომელთა საარჩევნო უფლებები დაირღვა, შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის.

👉 საარჩევნო დავების დარეგულირების გამჭვირვალობისა და აღნიშნული პროცესისადმი ნდობის გასაზრდელად, ყველა საარჩევნო დავა კომისიების მიერ უნდა განიხილებოდეს კოლეგიალურად და ღია სხდომებზე. საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლების ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედებების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას.

👉 არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვის გამჭვირვალე, სამართლიანი და თანმიმდევრული პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსმა უნდა განსაზღვროს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები შედეგების ხელახლა გადათვლისა და ანულირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიები უნდა იყოს შესაბამისად დაკომპლექტებული და მომზადებული საჩივრების ეფექტიანად განხილვისთვის და ყველა წამოჭრილი ხარვეზის დეტალური გამოძიებისთვის.

👉 უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ეუთო/ოდირი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვყნებს