მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება - რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს

რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

ხვალიდან, 6 ივლისიდან ეროვნული გამოცდები იწყება. პანდემიის პირობებში აბიტურიენტებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება რეკომენდირებულია, შესაბამისად, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე უნდა გამოცხადნენ პირბადით, რომელიც უნდა ატარონ კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტის დროს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სამუშაო მაგიდასთან დაჯდება, თავისი ნება-სურვილით შეუძლიათ მოიხსნან პირბადე, რადგან მაგიდებს შორის დისტანცია დაცული იქნება, ასევე, მაგიდებთან განთავსდება დეზობარიერი. მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი წერას დაასრულებს, მან პირბადე უნდა გაიკეთოს და ამის შემდეგ ჩააბაროს ნაშრომი.

რაც შეეხება კონდიცირების საკითხს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე არის იმის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე მოხდება ოთახების კონდიცირება, რომელიც გამოცდების დაწყებისას გაითიშება, ფანჯრები იქნება ღია. ყველა ოთახში დაიდგმება ტემპერატურის საზომი მოწყობილობა, თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ კონდიციონერი გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება, ამ დროს კი, აბიტურიენტებმა პირბადეები აუცილებლად უნდა გაიკეთონ.

აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე შესვლამდე თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

„თუ აბიტურიენტს სიცხე დაუფიქსირდება, წინა დღეებში არ ჰქონია და არ აქვს მას „პისიარ“ ტესტი გაკეთებული, მაშინ მათთვის არის ცალკე იზოლირების საშუალება, ისევე, როგორც სხვა აბიტურიენტებისთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.