მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან აბაშიძე დედა სოსანაზე: ის არ არის ჭეშმარიტი მონაზონი

თეოლოგი

„მონაზონი, რომელიც იტყვის, რომ მე თვითონ ვწყვეტ, ვინ უნდა იყოს ჩემი ეპისკოპოსი და პატრიარქი მოვიხსენიო თუ არა, ის არ არის ჭეშმარიტი მონაზონი“ - ასე ეხმიანება თეოლოგი ლევან აბაშიძე, PIA.GE-სთან საუბრისას, ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

თეოლოგი დედა სოსანას შესახებ საუბრობს, რომელიც მეუფე სტეფანემ მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და გუშინ მონასტერში არ შეუშვა.

ლევან აბაშიძე განმარტავს, რომ ეკლესიაში მყოფი პირები უნდა დაემორჩილონ ეკლესიის გადაწყვეტილებას და არ იმოქმედონ საკუთარი შეხედულებების მიხედვით, რადგან მისივე თქმით, თუ ყველა თვითონ გადაწყვეტს, რომელ ეპისკოპოსს დაემორჩილოს, ეკლესია ჩამოშლის პირას იქნება.

„მონაზონი, რომელიც იტყვის, რომ მე თვითონ ვწყვეტ, ვინ უნდა იყოს ჩემი ეპისკოპოსი და პატრიარქი მოვიხსენიო თუ არა, ის არ არის ჭეშმარიტი მონაზონი და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, რომ ის არ შეუშვეს მონასტერში.

ქრისტიანი უნდა დაემორჩილოს ეკლესიის გადაწყვეტილებას. და თუ ყველა თვითონ გადაწყვეტს, რომელი ეპისკოპოსია ჭეშმარიტი და ვის უნდა დაემორჩილოს, ეკლესია ჩამოიშლება. შეიძლება მიგაჩნდეს, რომ ეს არ არის სამართლიანი, მაინც არ უნდა იბრძოლო ამოღებული ხმლით. თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ მიტროპოლიტი პეტრეა პატიოსანი მიტროპოლიტი და სხვა აღარავინ დარჩა, მაშინ სახლში უნდა წახვიდე“,- აღნიშნავს ის.

ლევან აბაშიძე მეუფე პეტრე ცაავას მისამართით გავრცელებულ ბრალდებებზეც საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მეუფე პეტრემ თავად დაიწყო ცილისმწამებლური და მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გავრცელება, შესაბამისად, მიტროპოლიტ სტეფანეს მხრიდან, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება გასაკვირი არ არის.

„მეუფე სტეფანე ხმას არ ამოიღებდა საერთოდ პეტრეზე, რომ არ ყოფილიყო მეუფე პეტრეს მხრიდან კამპანია და აურაცხელი ბრალდებები, როგორც პატრიარქის, ასევე სინოდისა და ეპისკოპოსი სტეფანეს მიმართ. როდესაც შენ არ ჩერდები და წლების განმავლობაში გამოდიხარ ბრალდებებით, დასაბუთების გარეშე, თუ მეც რაღაც ნამდვილად ვიცი შენზე, შეიძლება გამოვიდე და მეც ვთქვა, რომ იქნებ შენ თვითონაც არა ხარ უცოდველი, ვინც ამდენ ბრალდებას და ცილისწამებას აყენებ. თუ ეს ინფორმაცია არ არის სიმართლე, რასაკვირველია, ესეც არ არის მართებული და ცილისწამებაა“,- განაცხადა მან.

⚫ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ხშირად ექცევა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ქვეშ.

⚫გუშინ საპატრიაირქოს შენობასთან ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ და მისმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს ისინი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვდნენ.

⚫მეუფე სტეფანეს მიერ მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადაყენებული დედა სოსანა კი მონასტერში არ შეუშვეს. დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე პოლიციამ ლეხაინდრაო ბარბარესკარის დედათა მონასტერში გადაიყვანა.

⚫გუშინ ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის ეპარქიიდან გარიცხა.

„მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌„თვითმარქვია წინამძღვარი ხარ“ - მეუფე სტეფანესა და მონაზვნების შეხვედრის კადრები (ვიდეო)