მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა

ნამახვანჰესის პროექტი

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით (ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება) მორატორიუმი გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:

👉 პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

👉 საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

👉 საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

👉 კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

👉 საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

👉 ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

👉 საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საპატრიარქო „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის შესაძებ განცხადებას ავრცელებს

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორისთვის მიწის 99 წლით გადაცემა თავის დროზე იყო სატენდერო პირობა

„მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა“ - ვარლამ გოლეთიანი