მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაია პატარაია: თურმე ქუცნაშვილზე და მეჭიაურზე კარგი ქალი არ მოიძებნება - ეს შეურაცხყოფაა

საფარის დამფუძნებელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, ქალებს პოლიტიკაში ისეთი ბარიერები ხვდებათ, რომლებსაც საკანონდებლო რეგულაცია სჭირდება.

შესაბამისად, ბაია პატარაია გენდერული კვოტირების საკითხს მიესალმება.

„ქალები პარლამენტში ვერ ხვდებიან, რადგან საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა მერიტოკრატიულ საწყისებზე არ არის - ანუ, სიებში ადამიანები კომპეტენციის მიხედვით არ ხვდებიან. საარჩევნო სიაში ვინ მოხვდეს და რა კრიტერიუმით - ეს აბსოლუტურად განუსაზღვრელია. ამაზე გადაწყვეტილებას, როგორც წესი, პარტიაში იღებს 1-2 კაცი, ეს გავლენის, ფულის და ძმაკაცობის მიხედვით ხდება. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ქალები პარლამენტში იმიტომ არ ხვდებიან, რათა კომპეტენცია აკლიათ, ან ცოდნა, ამბობენ იმას, რომ ქვეყანაში არ მოიძებნება 30 და 50 ქალი, რომელსაც აქვს შესაფერისი განათლება, ცოდნა და სხვა უნარები. სწორედ ეს ხალხი აყენებს ქალებს შეურაცხყოფას, როცა ამბობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ჯაჭვლიანზე, ქუცნაშვილზე და მეჭიაურზე კარგი ქალი თურმე არ მოიძებნება. რეალურად, კვოტა ემსახურება იმ ბარიერების მოხსნას, რომელიც ქალებს აქვთ პარტიებში, რის გამოც ისინი ვერ ხვდებიან, არ ახვედრებენ სიაში. ანუ პარტიებში ქალებს ამუშავებენ ჩვეულებრვიად, ბევრ შავ საქმეს აკეთებინებენ, მაგრამ როცა ძალაუფლების დათმობაზე და მანდატის განაწილებაზე მიდგება საქმე, ქალი ვერ ხვდება სიაში. სწორედ ამ ხარვეზის და დისკრიმინაციის აღმოფხვრას ემსახურება კვოტა“,- განაცხადა ბაია პატარაიამ PIA.GE-სთან.

მისი თქმით, ახლა პარლამენტში ქალების 15%-იანი წარმომადგენლობაა, საკანონმდებლო ცვლილება კი, 5%-იანი ზრდის გარანტიას იძლევა 2028 წლამდე.

„დამაკმაყოფილებელ ზღვრად ითვლება 30%-დან 40%-მდე“,- აღნიშნა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსში“ შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ისეთი პარტიული სია უნდა წარადგინოს, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.