მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თიანეთში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა

ციმბირული წყლულის შემთხვევა

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაზარალებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

„ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი  ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია, დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა“,- აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოფელ ტუშურებში აიკრძალა საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულია. გარდა ამისა, სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს.

„რა ღონისძიებები გატარდა ციმბირის წყლულის აღმოჩენის შემდეგ სოფელში და რა საჭიროებები არსებობს ამჯერად, ამ თემაზე დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთინეთის მხარეში შალვა კერესელიძე მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად, ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური მოადგილეებთან ერთად  და სურსათის უვნებლობის სამსახურის რეგიონალური წარმომადგენლები დაესწრნენ. გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში დაფიქსირებულია ასევე ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა.