მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საპატრიარქოს განცხადება არის რუსული ნარატივი, რომლის ავტორებს ხელმოწერის დაფიქსირება მოერიდათ“ - გოჩა ბარნოვი

თეოლოგი

თეოლოგი გოჩა ბარნოვის განცხადებით, საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მეუფე ნიკოლოზის მხრიდან გადაცდომაზეა საუბარი, პატრიარქის პოზიციად ვერ ჩაითვლება, რადგან ილია მეორეს განცხადებას ყოველთვის ახლავს ხელმოწერა. 

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, განცხადების სტილით იკითხება, რომ ის პატრიარქის თანამოსაყდრის მეუფე შიოს ჯგუფის პოზიციაა, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გაახმოვანა, თუმცა, ავტორებს ხელმოწერის დაფიქსირება მოერიდათ. 

„ეს არის აბსოლუტურად პარტიული ტიპის განცხადება. ვიცით, რომ ადამიანი შიმშილობს, ის არის ძალიან ემოციურ, სტრესულ მდგომარეობაში. ის არის პატიმარი და მსგავსი შედარებების მოყვანა, რომ ის კი არ მარხულობს, არამედ შიმშილობს და ეს არ არის მარხვა, ნამდვილად ფარისევლობაა. 

ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი. რასაც რუსეთი უთითებს საპატრიარქოს, იმას აკეთებს. როდესაც მეუფე ნიკოლოზი შევიდა მიხეილ სააკაშვილის საზიარებლად, ეს სწორედ პატრიარქის კურთხევით მოხდა და ამის გარეშე მეუფე ნიკოლოზი ამას ვერ გააკეთებდა. ამიტომ აქედან გამომდინარე მასზე თავდასხმა არის პრორუსული ხასიათის, მაგრამ ამ განცხადების ავტორები არიან უკვე ყველაზე აგრესიული მხარე, მეუფე შიოს ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული სიხისტით გამოირჩევა.

მეუფე შიო არის ადამიანი, რომელსაც სძულს დასავლეთი, ამიტომ ნებისმიერი ადამიანის განცხადებას, რომელიც სიმპათიას გამოხატავს დასავლური ფასეულობების მიმართ, ყველას თავს ესხმის. ეს განცხადება ნამდვილად არის ანდრია ჯაღმაიძის დაწერილი, რაც განცხადების სტილითაც ჩანს და ასევე იქიდანაც, რომ აზიარებს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, მაშინ, როცა განცხადებას არცერთი ოფიციალური პირი არ აწერს ხელს. მოერიდათ საკუთარი სახელის და გვარის დაწერა, მაგრამ ზუსტად ჯაღმაიძის ვინაობა იკითხება. 

ამას ვერ მივიღებთ პატრიარქის პოზიციად, რადგან როდესაც ვრცელდება ილია მეორეს განცხადება, მას ყოველთვის აქვს პატრიარქის ხელმოწერა. ამ განცხადებას კი არავის ხელმოწერა აქვს და ეს არის ძალიან უცნაური“, - აღნიშნა თეოლოგმა. 

მისივე თქმით, ალბათ საპატრიარქოსგან მეუფე ნიკოლოზზე ზეწოლა გაგრძელდება, მაგრამ სხვა საკითხია მეუფე რამდენ ხანს გაუძლებს ამას. 

საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის PIA.GE თავად მეუფე ნიკოლოზსაც დაუკავშირდა, რომლის საკონტაქტო ნომერიც ამ დროისთვის გამორთულია. 

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

8 ნოემბერს პატრიარქის კურთხევით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა, რომელმაც მას აღსარება ჩააბარა და ეზიარა.

10 ნოემბერს საპატრიარქომ მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და ღირსეულად ეზიარა, გადაცდომა უწოდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

„დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში“ - მეუფე ნიკოლოზი

„პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40-დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა“ - საპატრიარქო