მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სათამაშო ბიზნესიდან ეკონომიკური სარგებელი სოციალურ დანახარჯებთან შედარებით მცირეა, პრემიერის ინიციატივა რეალურია“ - იოსებ არჩვაძე

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე

„პრემიერის დღევანდელი ინიციატივა აბსოლუტურად რეალურია. ჩვენნაირი განვითარების დონის ქვეყნისთვის სათამაშო ბიზნესიდან ეკონომიკური სარგებელი გაცილებით ნაკლები გამოდის, ვიდრე ის პირდაპირი სოციალური დანახარჯები, რასაც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი და სამწუხაროდ მზარდი ნაწილი ამ მიმართულებით ეწევა“, - ასე გამოეხმაურა PIA.GE-სთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სათამაშო ბიზნესის რეგულირების შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა შრომისუნარიან ახალგაზრდებს ცხოვრებაში თვითრეალიზების საშუალებას მისცემს. 

„შრომის წახალისება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური აქტიურობის გაძლიერება, ეს იქნება იმის პარალელური ქმედება, რამაც მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ნაწილში ყურადღების გადატანა უნდა მოახდინოს თამაშზე დამოკიდებულებისაგან ეკონომიკურად აქტიურ საქმიანობაში ჩართვისაკენ. ცნობილია, რომ თამაშისადმი მიდრეკილება აქვს შედარებით დაბალშემოსავლიან ადამიანებს, რომელთაც სურთ, რომ ფინანსური პრობლემები გადაჭრან. ჩვენ თუ უფრო რაციონალურად, საღად აზროვნებას მივაჩვევთ და სწორ მიმართულებას მივცემთ ახალგაზრდებს, მაშინ მათ მიერ ცხოვრებისეული აზრის ფორმირება უფრო რაციონალურ ფორმას მიიღებს და იქნება შესაძლებლობა, რომ მათგან საზოგადოებამაც მეტი სარგებელი ნახოს და თვითონაც უფრო რეალიზებული აღმოჩნდნენ თავიანთ ცხოვრებაში“, - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.  

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.