მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აუცილებელია რუსეთმა აღიაროს დამარცხება და ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოსთან, სხვა შემთხვევაში ომი გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი კახა გოგოლაშვილი Pia.ge

„აუცილებელია რუსეთმა აღიაროს დამარცხება და ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოსთან, ან გასამართლდეს როგორც დანაშაულში მხილებული სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში ომი გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც“, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც გოგოლაშვილი წერს, ბოლო ხანებში საუბრობენ რუსეთთან ფრენების აღდგენის თაობაზე. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. 

„ეს ომი არ შეიძლება დამთავრდეს ისეთი ზავით, რომლის შემდეგაც ჩვეულებრივად გაგრძელდება ურთიერთობები, საქმიანი კავშირები, კულტურული თანამშრომლობა და სხვა. არა იმიტომ, რომ ვინმეს, მათ შორის უკრაინელებს და დასავლეთს ომი ან შურისძიება უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ეს ომი რუსეთმა ლეგალური მიზეზის და საბაბის გარეშე დაიწყო, რითაც დაარღვია გაეროს წესდების 51-ე მუხლი (Jus ad bellum), რომელიც ომის გამოცხადების უფლებას მხოლოდ ლეგიტიმური თავდაცვის აუცილებლობას უკავშირებს. შემდეგ ომი აწარმოვა ჰუმანიტარული სამართლის (IHL) სრული დარღვევით.

ჟენევის 1949 წლის კონვენციები (4 კონვენცია) განსაზღვრავს ომის წარმოების წესებს (Jus in Bello), ძირითადად, სამხედრო ტყვეების, დაჭრილთა და ინვალიდთა ან სამოქალაქო პირების მიმართ ომის პირობებში მოპყრობის წესებს. ასევე გულისხმობს გარკვეული სახის იარაღის გამოყენების უფლების შეზღუდვას ან აკრძალვასაც, სამოქალაქო ობიექტებზე შეტევის მიტანას, თუ ამას შესაძლოა მოყვეს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობის შორის, ასევე, განურჩეველი შეტევის (დაბომბვის ან სხვა) განხორციელებას. ყველა ეს კონვენცია დარღვეულია მასიურად რუსეთის მიერ - ამის მაგალითებია ბუჩა, ირპენი, მარიუპოლი (სადაც მიზანმიმართულად დაიბომბა შენობები თავშეფარებული მოქალაქეებითურთ)“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. 

გოგოლაშვილის თქმით, ადგილი აქვს პერმანენტულ შეტევებს არასამხედრო დანიშნულების და მოქალაქეების დიდი კონცენტრაციის ადგილების დაბომბვას. დადასტურებულია ომის ტყვეების დახვრეტის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.

„ცნობილია სამოქალაქო დანიშნულების, მათ შორის სურსათის საწყობების, სასმელი წყლითა და ელექტროენერგიით მშვიდობიანი მოსახლეობის მომარაგების ინფრასტრუქტურის ობიექტები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სხვ.სწორედ ამიტომ, ამ ომს უნდა მოყვეს საერთაშორისო გამოძიება და არა მარტო კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების, არამედ მთლიანად რუსეთის სახელმწიფოს მიმართ შესაბამისად გამოტანილი განაჩენით. რუსეთს უნდა დაეკისროს ადეკვატური ფინანსური ჯარიმა (რეპარაცია), საკმარისი, იმისთვის, რომ ანაზღაურდეს უკრაინისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი.

აუცილებელია რუსეთმა აღიაროს დამარცხება და ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოსთან, ან გასამართლდეს როგორც დანაშაულში მხილებული სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში ომი გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც, ოღონდ სხვა - ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით.

ბოლო ხანებში საუბრობენ რუსეთთან ფრენების აღდგენის თაობაზე. არა მგონია ასეთ ქვეყანასთან დაახლოების ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენთვის დამაზიანებელი არ იყოს. პირიქით, სანამ ომი არ შეწყვეტილა, იქ ხელისუფლება არ შეცვლილა და პოლიტიკა ნორმალურობისკენ არ შემობრუნებულა უნდა ვეცადოთ ამ ქვეყნისგან მაქსიმალურ დისტანცირებას, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების ჩათვლით“, - წერს „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი გაბრაზებულია თავის გენერლებზე და ათავისუფლებს მათ თანამდებობიდან - ექსპერტი

👉სამხედრო ექსპერტმა განმარტა, თუ რატომ არ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა

👉 უკრაინაში შეჭრის შედეგებს რუსების კიდევ სამი-ოთხი თაობა იგრძნობს - ექსპერტი

👉 რუსული ჯარები იზიუმის რეგიონში შეტევის განახლებისთვის ემზადებიან

👉 🎥 უკრაინის შეიარაღებული ძალების 45-ე ცალკეულმა საარტილერიო ბრიგადამ ოკუპანტების აღჭურვილობა გაანადგურა