მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია, მოდით, გავაკეთოთ ეს, დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი - ზელენსკი აშშ-ის კონგრესს

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ს კონგრესის წევრებს, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და „ტერორისტებს აგრესიაზე პასუხისმგებლობა დააკისრონ“.

მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა მის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, თუმცა დასძინა, რომ კონგრესის თითოეულ წევრს შეუძლია, დაეხმაროს ამის განხორციელებაში.

„თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, თუ რამდენად დამღუპველია მისი აგრესია სინამდვილეში. თქვენს შესაძლებლობებშია, დაგვეხმაროთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი ომი. მოდით, გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი აგრესიისთვის და აანაზღაუროს ამ ომის შედეგად მიყენებული ზიანი.

გასულ წელს ბახმუტში 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრებია. მიწის თითოეული ინჩი სისხლითაა მორწყული. დონბასი ხელიდან ხელში გადადიოდა სასტიკი შეტაკებებისა და ხელჩართული ბრძოლისას, თუმცა უკრაინის დონბასი დგას. რუსეთი ბახმუტისა და სხვა ლამაზი ქალაქების წინააღმდეგ იყენებს ყველაფერს, რაც გააჩნია და ოკუპანტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ არტილერიაში. მათ აქვთ უპირატესობა საბრძოლო მასალებში, აქვთ მეტი რაკეტები და თვითმფრინავები, ვიდრე ოდესმე გვქონია, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალები დგანან.

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. დიახ, უკრაინამ უკვე წარადგინა შეთავაზებები, რომელიც მე ახლახან განვიხილე პრეზიდენტ ბაიდენთან, ჩვენი მშვიდობის ფორმულა 10-პუნქტიანია, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ერთიანი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბაიდენმა დღეს მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. თითოეული თქვენგანს შეუძლია დახმარების გაწევა ამის რეალიზაციისას, რათა ამერიკელების ლიდერობა რჩება მტკიცე, ორპალატიანი და ორპარტიული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კონგრესს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა საჩუქრად, რათა მადლობა გადაუხადოს მათ გამოგზავნილი იარაღისთვის.

„ბახმუტში ეს დროშა გადმომცეს და მთხოვეს, თქვენთვის მომეტანა, დაე, ის დარჩეს თქვენთან, როგორც ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო - ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინაში კარგი ამბებით ვბრუნდები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ

👉 „მე და ზელენსკი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს“ - ჯო ბაიდენი