მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული თანხმობის მთავრობის ერთადერთი ფუნქცია დიდი ტურბულენტობის გარეშე ევროკავშირის 12-ვე პუნქტის შესრულება იქნება - შოთა დიღმელაშვილი

„შინ ევროპისკენ“ წევრი

ახალი სახალხო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შესახებ განმარტებას აკეთებს და ხაზგასმით ამბობს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნით 2 პუნქტი - დეოლოგარქიზაცია და დეპოლარიზაცია, ავტომატურად სრულდება.

როგორც ტვ „პირველის“ ეთერში შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, ეროვნული თანხმობის იდეა საერთო კონსენსუსით უნდა შეიქმნას. 

სახალხო მოძრაობის წევრი ამბობს, რომ  ეროვნული თანხმობის მთავრობა სრულად კონსენსუსით არის დაკომპლექტებული და მასში მოქმედი პოლიტიკოსები არ შედიან. 

ამასთან, მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც სპიკერებად გამოდიან აქციებზე, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ მოიაზრებიან. 

„მოთხოვნა შესაძლებელია ორად გაიყოს, მაგრამ ერთი მოთხოვნაა სინამდვილეში - ეს არის გადადგეს ღარიბაშვილი, შესაბამისად მთავრობა. საერთო კონსენსუსით შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის მთავრობა? ეს არის ე.წ. ტექნიკური მთავრობა, თუმცა ტექნიკური მთავრობაც მრავალი ფორმის არსებობს. 

ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ეროვნული თანხმობის მთავრობაზე, რომელიც დაკომპლექტებულია სრული კონსენსუსით, შესაბამისად ხელისუფლების კონსენსუსითაც და მასში არ შედიან მოქმედი პოლიტიკოსები. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება „შინ ევროპისკენ“ აგრეთვე ამბობს, „ჩვენ არ ვიბრძვით სკამებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“. 

ეს ადამიანებიც, ვისაც სპიკერებად ხედავთ სახალხო მოძრაობის სახელით, არც ისინი იქნებიან ეროვნული თანხმობის მთავრობაში. ვინ იქნება, ამაზე არ ვსაუბრობთ, რადგან სივრცე უნდა დარჩეს მოლაპარაკებისთვის, როგორც კი რაიმენაირი პოზიტიური პასუხი იქნება ხელისუფლებისგან და ეს ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა. 

რაც შეეხება მოთხოვნების არ შემჩნევას ღარიბაშვილის მხრიდან, ძალიან ძნელია იგნორირება გაუკეთო 150 ათას ადამიანს. ამხელა გამოსვლები 9 აპრილის შემდეგ თბილისს და რუსთაველს არ ახსოვს. როგორც 9 აპრილი იყო ქართველი ხალხის ისტორიული ნების გამოხატულება, ასევე 20 ივნისი იყო იგივე ისტორიული ნების გამოხატულება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო აღარ იყოს რუსეთის გავლენის სფეროში და მოიაზრებოდეს ევროპული ქვეყნების ოჯახში. 

ეროვნული თანხმობის მთავრობის ერთადერთი ფუნქცია იქნება მშვიდობიანად და დიდი ტურბულენტობის და მღელვარების გარეშე შეასრულოს ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა როგორც დათქმა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. 

თავად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნით, მხოლოდ ამ საქციელით 2 პუნქტი ავტომატურად სრულდება - ეს არის დეოლიგარქიზაციის პუნქტი და დეპოლარიზაცია. როგორც წესი ტექნიკური მთავრობა ვადამდელი არჩევნებით სრულდება“, - აცხადებს შოთა დიღმელაშვილი. 

შეგახსენებთ, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - ერთი კვირის ვადაში გადადგეს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

ამავე თემაზე: 

ტექნოკრატია - რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა?

რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება