მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის „ტრიუკმა“ სერიოზულად დააზიანა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ოპოზიცია“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

„სააკაშვილის „ტრიუკმა“ სერიოზულად დააზიანა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ოპოზიცია, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს პირველად შედეგებს.

მისი თქმით, პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა - მიშელის შეთანხმებით განსაზღვრულ 43%-იან დათქმას აქტუალობა დაუკარგა. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას დასავლეთის მხარდაჭერით პირდაპირი საფუძველი გამოეცალა. პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, პირველ რიგში დიდ ქალაქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი. თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი, რაც მინიმუმ იმის წინაპირობაა, რომ სრულად პროპორციულ არჩევნებს ხელისუფლება ცალსახად წააგებს.

სააკაშვილის „ტრიუკმა” სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია (არა ნაც.მოძრაობა), რომლის ჯამური შედეგი შესაძლოა, 5-7%-ით მეტი ყოფილიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ მის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ავტომატურად შექმნა მეორე პოლუსის მობილიზაციის საფუძველი, რომელიც ტრადიციულად უფრო დიდი აღმოჩნდა“, - წერს ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას ხმების“ 47,75% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30.93%.

დათვლილია საარჩევნო უბნების 62.3%.

ამავე თემაზე:

„მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი