მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეგნებულად შემოაგდეს მედვედევის ეს განცხადება და კონკრეტული დროის მონაკვეთში ის უნდა წაშლილიყო - კახა ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი კახა ქემოკლიძე რუსეთის ფედერაციის ექსპრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა და იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს.“

კახა ქემოკლიძის შეფასებით, მედვედევის განცხადების პათოსი და რიტორიკა ახალი არ არის. 

ქემოკლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ  მედვედევის განცხადება ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს როგორც საინფორმაციო მანიპულაცია. 

„ეს პოსტი აბსოლუტურად არ არის ახალი, ის შინაარსი და პათოსი, რომელიც განცხადებაში იყო ნათქვამი, ეს არავის გაჰკვირვებია. პრეზიდენტ პუტინის 2021 წლის სტატია, ზუსტად იმავეს საუბრობს უკრაინაზე, მის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან მიმართებით ზუსტად ერთი ერთში პათოსს იმეორებს, რომ თითქოსდა ისტორიულად სახელმწიფო საქართველო არ არსებობდა და მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა კავშირმა მოახდინა სახელმწიფოს საზღვრებში მისი აღდგენა. 

შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს განცხადება უნდა მივიღოთ როგორც საინფორმაციო მანიპულაციების ტექნიკის ერთ-ერთ ძალიან კლასიკურ გამოვლინებად, შეგნებულად შემოაგდეს ეს განცხადება და შეგნებულად, კონკრეტული დროის მონაკვეთში ის უნდა წაშლილიყო. საინფორმაციო პროვოკაციაა და რაზეა გამიზნული? ეს არის მთავარი კითხვა.

გამიზნულია მაგალითად, მოლდოვაში დოდონის მხარდამჭერებისთვის, საქართველოში შუალედურ ელექტორალურ სეგმენტზე, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია საბოლოო ჯამში როგორი უნდა იყოს საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი, მათ შორის, ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის გონების მოწამვლისთვისაც, წარმოიდგინონ, რომ „რუსები ჩვენ ვაიმე, გადაყლაპვას გვიპირებენ და საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“. 

სინამდვილეში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად პირიქით უნდა იყოს. დღეს რუსეთის ფედერაცია ცდილობს დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკელების, ევროპელებისაც, მთლიანად დასავლეთიდან განდევნას. დღეის მოცემულობით იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დაკავებული ვიყოთ დასავლეთის მყარად გამაგრებაზე, ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად პირიქით აკეთებს. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონფრონტაციული დიალოგი კი არ უნდა იყოს, არამედ ჩვენ უნდა გვქონდეს ჭკვიანური პოლიტიკა. ეს არის ძლიერი მყარი ძალის და რბილი ძალის კომბინირებული ვარიანტი“, - განაცხადა ქემოკლიძემ. 

ამავე თემაზე: 

✔️  „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი

✔️ დიმიტრი მედვედევის თანაშემწის თქმით, მედვედევის „VKontakte-ს“ ანგარიში გატეხეს