მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: ანრი ოხანაშვილი ზრდილობით გამორჩეული პიროვნებაა, მაგრამ როცა გამიზნულ პროვოკაციას გიწყობენ, მოთმენა ძალიან ძნელია

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ წევრ ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„როდესაც ქართველ კაცს, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებ, ცხადია პასუხიც შესაბამისი იქნება! როდესაც ვაჟკაცისთვის ყველაზე წმინდას შეეხები, ცხადია არავინ არ მოგითმენს! ანრი ოხანაშვილი, თავის ზრდილობით, პატიოსნებით, თავშეკავებულობით, და ოჯახიშვილობით გამორჩეული პიროვნება გახლავთ, რაც ყველასთვის ცნობილია არამარტო საქართველოსა და თბილისში. მაგრამ, როცა საშინელ, დაგეგმილ და გამიზნულ პროვოკაციას გიწყობენ, მოთმენა ძალიან, ძალიან ძნელია, არ დაგვავიწყდეს, რომ ბატონი ანრი ოხანაშვილი რომ ქართველი კაცია, რომლისთვისაც ოჯახის სიწმინდეა უპირველესი! ხოლო, პროვოკატორებისთვის, რომლებიც ჯერ იგინებიან, მერე იცემებიან, მერე ტელეეკრანებთან ტირიან, მთავარი სკანდალი და პროვოკაცია უფრო მნიშვნელოვანია! აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ტყუილად ნუ დამმოძღვრავთ, რომ თითქოს და ძალადობას მომხრე ვიყო, კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ, რომ ქართულ ღვინოში ჩამფსმელებს და დედის სახელის შეურაცხმყოფებს ცოტა მეტი ჭკუა მოეთხოვებათ, სანამ პროვოკაციებს წამოიწყებენ!“, -  წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის თქმით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ჭიქა ესროლეს.

წერეთლის თქმით, ინციდენტი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც საელჩოში ღონისძიება მიმდინარეობდა.

„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა... წარმოუდგენელია, დავიბენი“, - ამბობს ვატო წერეთელი.

აღნიშნულ ინციდენტზე ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან კელი დეგნანისგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი:

„საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე,“  - ამბობს ანრი ოხანაშვილი.