მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არ ვარ“ - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

„თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში იქნება, ვფიქრობ ეს ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელი პოზიცია იქნება“, - ასე გამოეხმაურა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიდა პატიმრობასთან დაკავშირებით მისსავე გაკეთებულ განცხადებას

სასულიერო პირის თქმით, მისი განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ ან სააკაშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა. 

მეუფე ნიკოლოზი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავისი სამშობლოს მომხრეა. 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მსგავს საკითხებს და თავის პოზიციებს სხვა სასულიერო პირებთან არ ათანხმებს და შესაბამისად მისი განცხადება ეკლესიის ზოგად პოზიციას არ წარმოადგენს. 

„მიხეილ სააკაშვილი სანამ საქართველოს დატოვებდა, ჩემთან რამდენჯერმე არის ნამყოფი. ხალხს კარგად არ ესმის და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე კი არ ვარ, მე ვარ ჩემი სამშობლოს და ქვეყნის მომხრე. ჩემი პირადი აზრია, რომ ქვეყნისთვის ასე ჯობია. ეს არ არის ეკლესიის ზოგადი პოზიცია. ასეთ საკითხებს სხვა სასულიერო პირებთან არ ვათანხმებ.

თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში იქნება, ვფიქრობ, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელი პოზიცია იქნება, იმიტომ რომ თუ ამაზე ხელისუფლება დათანხმდება, ვფიქრობ, მაშინ ძალიან ბევრი პირობის წამოყენება შეეძლება ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებისადმი. ვფიქრობ, სააკაშვილის მომხრეები ამ პირობებს მიიღებენ. მგონია, რომ შეთანხმებაზე იქნება საუბარი და დაიწყება მშვიდობის და სიწყნარის დამყარება ქვეყანაში“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

მეუფე ნიკოლოზი ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა. 

„იმისათვის, რომ წარსულზე საერთო შეფასებები გავაკეთოთ, საერთო ღირებულებათა სისტემა უნდა გვქონდეს და ხანდახან ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. შერიგება, როგორც ასეთი, უნდა დაიწყოთ იმით, რომ თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით, თუ განსხვავებული აზრი გვექნება, ამ ქვეყანაში მშვიდობიანად თანაარსებობის პრინციპებზე შევთანხმდეთ. ეს იქნება შერიგება“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის კარგი იქნება? სასულიერო პირი კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ცუდია.

„არ ვიცი, კარგი იქნება თუ არა მისი გარეთ ყოფნა, მაგრამ მისი ციხეში ყოფნა რომ ნამდვილად ცუდია ქვეყნისთვის, ეს ვიცი“, - დასძინა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

გარდა ამისა, სასულიერო პირმა ნათლისღების დღესასწაულზე სინანულისა და პატიების შესახებაც ისაუბრა. 

„საქმე ის არის, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა საუბარი შერიგებაზე, პატიებაზე. ყველა ამას მეუბნება, „როგორ უნდა შევრიგდეთ, როგორ უნდა მოხდეს ეს, მით უმეტეს როცა სისხლზეა საუბარი?“  ამას ორი პასუხი აქვს, ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე. მეორე - შიგნით უნდა მოვძებნოთ გზა. 

პატიება და შერიგება არ ნიშნავს განუკითხაობას, ამის არაჩვეულებრივი მაგალითია საეკლესიო მიტევების დღე, რომელიც დიდი მარხვის დაწყების წინ არის. მესამე პრეზიდენტსაც ვუთხარი, რომ ყველაზე სწორი იქნება ხალხს შერიგებისკენ მოუწოდოს. ვუთხარი „კარგი იქნება თუ თვითონ დაიწყებთ თქვენი თავიდან“. რისთვის უნდა ითხოვოს ადამიანმა პატიება? ძალიან მოეწონა ეს აზრი. ვუთხარი, რომ შევთავაზებდი საზოგადოებას, რომ ეს დღე სინანულის დღედ გამოცხადდეს. ადამიანი, როცა სინანულს გამოხატავს თავისი საქციელის გამო, სულიწმინდის მადლის შენდობა ხდება და პირველ რიგში ღმერთი აპატიებს ადამიანს“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზი ინიციატივით გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში თავის ეპარქიაში გადაიყვანონ. 

სასულიერო პირმა განაცხადა, რომ მას შეუძლია სააკაშვილისთვის სივრცის გამოყოფა. 

ამავე თემაზე: 

🔵 „მზად ვარ, ეპარქიაში ადგილი გამოვყო და სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ“ - მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას მიმართავს (ვიდეო)