მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსურს განვმარტო, თუ რატომ მოვაწერე ხელი სააკაშვილის გათავისუფლებას“ - მეუფე იოსების განცხადება

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე ხელმოწერის მიზეზს განმარტავს.

როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, ღმერთს მოწყალება სჭირდება და არა მსხვერპლი.

მისი თქმით, როცა მესამე პრეზიდენტის დასჯაზეა საუბარი, უსამართლობაა, რომ არ არის გამოძიებული პირველი პრეზიდენტის მკვლელობის ფაქტი და არ არიან დასჯილი დამნაშავეები.

„ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს, ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის რომ, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას ასევე განისჯებით, რამეთუ ყოველი ადამიანი ხატი და მსგავსია ღმრთისა, არ მინდა, რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა. რასაც გაუკეთებ სხვას იგივე ან უფრო უარესი შეიძლება მოგივიდეს შენ.

მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას, მართალია უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის 50 პროცენტის მოთხოვნა, მკვლელობები სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს, პირიქით ღმერთისგან სასჯელს მივიღებთ.

უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები. და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე, პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას მკვლელები, რატომ არ ისჯებიან, რატომ არ იქნა ეს გამოძიებული, რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები ვინც ბევრი ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას, თუმცა მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას, ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოდ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ ხალხს, გამოიჩინოს ქრისტესმიერი მოწყალება, სიყვარული წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე და უარესი შეიძლება მოუვიდეთ მათ.

ხოლო რაც შეეხება ჟურნალისტებს გთხოვთ ნუ მირეკავთ, თქვენ წისქვილზე მე წყალს არ დავასხამ, თქვენ რაც დამართეთ ეკლესიას და ხალხს ჯობს მოინანიოთ, ერთხელაც თქვენც ამოგიყრის ღმერთი ფაილებს, მაგრამ არა ზღაპრებს, არამედ ყველაფერ სიმართლეს, მიდით და იმართლეთ თავი ღვთის წინაშე. სიყვარულით იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი“, - აღნიშნავს მეუფე იოსები.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი