მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინა არის ერთადერთი გზა, რომ დავასრულოთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1619082647
COVID-19

ექიმი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვირუსის შეკავების მიზნით დამატებითი ღონისძიებების შესახებ საუბრობს.

აკაკი ზოიძის თქმით, „ლოქდაუნის“ ტიპის შეზღუდვებს ქვეყანა და ადამიანები ვერც ეკონომიკურად, ვერც სოციალურად და ვერც ფსიქოლოგიურად გაუძლებენ.

ექსპერტის თქმით, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან სახიფათოა, თუმცა, სიტუაცია არ არის იმ ზღვარზე, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდეს.

ზოიძის თქმით, დამატებითი შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაწესდეს, თუ ეპიდვითარება უკიდურესად „აფეთქდება“ და ვირუსის შეკავება ვერ მოხერხდება.

„ეს ქვეყანა დამატებით შეზღუდვებს, ისეთივე ტიპის როგორიც იყო შარშან გაზაფხულზე, ზამთარში ნამდვილად ვერ გაუძლებს. ვერ გაუძლებს ვერც ეკონომიკა, ვერც ადამიანები, ვერც ფსიქოლოგიურად, ვერ სოციალურად ანუ ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ კუთხით მოქმედებს და უკიდურესი ზომა უნდა იყოს მიღებული იმ შემთხვევაში, თუ ძალიან აფეთქდა და ფართოდ გავრცელდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

ძალიან სახიფათო და საყურადღებოა ის, რაც ახლა ხდება ეპიდემიოლოგიურად. ჯერჯერობით არ ვართ იმ ზღვარზე, რომ სხვა გამოსავალი არ იყოს. შეზღუდვები ისეთივე არასასურველია, როგორც ათასობით შემთხვევა, რომელსაც ასევე მოჰყვება, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილი.

„ლოქდაუნის“ ტიპის შეზღუდვები სახიფათოა, რომელიც გამოიწვევს კიდევ ერთხელ პარალიზებას თუ რაიმე ეკონომიკური საქმიანობა მიმდინარეობს. ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ და კიდევ ერთხელ ძალიან ინტენსიურად უნდა მიდიოდეს კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები, მოვერიდოთ მასობრივ თავშეყრას. გასაგებია, რომ ყველას მოგვენატრა ერთმანეთი, მათ შორის კარგი დროის გატარება, ერთმანეთთან ყოფნა, ჩახუტება, მაგრამ ცოტაც უნდა მოვითმინოთ, მანამ სანამ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დასრულებას, რომელიც, ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია.

შევხედოთ ისრაელს, აშშ-ს, ინგლისს, რომლებიც უკვე გამოდიან პანდემიური შეზღუდვებიდან. ამ ქვეყნებმა შეძლეს თავიანთი მოქალაქეების დიდი რაოდენობით ვაქცინაცია. ეს არის ვაქცინაციის რეალური შედეგი და არა ის, რომ ზოგიერთები გამოდიან და ლაპარაკობენ თითქოს ვაქცინა ექსპერიმენტულია.

ეს ვაქცინა არის ერთადერთი გზა, რომ დავასრულოთ დამთრგუნველი შეზღუდვები, მოლოდინი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, რაც არის დაკავშირებული კოვიდ 19-თან. რეალურად მივეჩვიეთ იმას, რომ ყოველდღიურად 10-12 გარდაცვლილი გვყავს, სიკვდილიანობა მატულობს. მანამ სანამ დავასრულებთ ვაქცინაციას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მუდმივად ავუხსნათ, რატომ უნდა დაიცვან რეგულაციები, არ უნდა დავიღალოთ ამის ახსნით. დამყოლობა უნდა გაიზარდოს, პირბადეების ტარება უნდა გაკონტროლდეს, არ უნდა მოხდეს მასობრივი ნადიმები, თავშეყრები და სუფრები.

ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები უნდა გააქტიურდეს, რაც ეხება კონტაქტების მოძიებას. მესმის, რომ 1000-ზე მეტი შემთხვევა როცაა, რთულია, მაგრამ აუცილებელია პირველი რიგის კონტაქტები მაინც დავაზუსტოთ. ჩავრთოთ ამაში დამატებითი ძალები და უფრო გავაქტიურდეთ. ეს არის შესაძლებელი და განხორციელებადი. ეს არის ალტერნატივა, რომ შევაკავოთ ეპიდემიის სწრაფი გავრცელება ბრიტანული შტამის პირობებში, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, დაახლოებით 1.35-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე პირველადი შტამი.

ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, დამატებითი ღონისძიებები მივიღოთ, რომელიც ეხება ეპიდემიოლოგიური კონტაქტების მიყოლას, ადამიანებთან მუდმივ კომუნიკაციას. თბილისს გარეთ რომ გახვალ, გეგონება, არ არსებობს ეს ვირუსი. თბილისშიც ძალიან ბევრი აღარ ატარებს პირბადეს, მნიშვნელოვანია პირბადეების სწორად ტარება, დაცული უნდა იყოს სასუნთქი გზა“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 300 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 3981 პაციენტი, ხოლო 283 557 პირი გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე:

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 426 ადამიანი აიცრა

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 „შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს“ - მაია ბუწაშვილი აცრამდე „პრევაქს გამოკვლევების“ ჩატარებას არასწორს უწოდებს