მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი სამ პირს წაუყენა

გარდაცვლილი მედდა

პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს წაუყენა.

უწყების ცნობით, ბრალი „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს წარედგინათ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მ.ბ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 მარტს ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მ.ბ.-ს თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ინფორმაციისთვის, მეგი ბაქრაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში გაიკეთა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა.

იგი, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა.

ექთანს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

ექთნის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო იკვლევს, მისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო აწარმოებს მოკვლევას.

ოჯახი საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, დასადგენია უნდა ჩატარებულიყო თუ არა ვაქცინაცია და რამდენად სწორი და დროული იყო სამედიცინო დახმარება, რომელიც „იმედის“ კლინიკაში ექთანს გაუწიეს.

23 მარტს მეგი ბაქრაძე მშობლიურ სოფელ ენთელში დაკრძალეს.