მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: ზუგდიდში რომ სისხლისღვრა არ მოხდა, მადლობა პოლიციას, ბატონ გომელაურს, რომელიც პირველივე საათებიდან ზუგდიდში იმყოფებოდა და პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პროცესს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2020 წელი

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერმა თეა წულუკიანმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ავთანდილ გალდავას გამოყოფს და ის დარწმუნებულია, რომ და ზემო სვანეთში მრავალი სხვა პოლიციელი იყო ვინც ბატონი ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა.

„მას შემდეგ რაც ზუგდიდში ჩვენ ვიხილეთ ყველამ ის ძარცვა და მძევლად აყვანა ათეულობით ადამიანის, პირველი შემთხვევაა, როცა მე მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენის ნებართვით, მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო ზემო სვანეთის მთლიან შემადგენლობას, თუმცა ალბათ არვინ მიწყენს, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში მრავალი სხვა პოლიციელი იყო ვინც ბატონი ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე გააკეთებდა ამ არჩევანს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, შესაბამისად ეს მადლობა ეკუთვნით მათ.

ასევე, მადლობა ეფუძნება იმას ჩემი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისა, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლის ღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ, თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ ალბათ არ ჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო.

მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა, ბატონი მინისტრი პირველივე საათებიდან ზუგდიდში იმყოფებოდა და პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ამ პროცესს. მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ, ის რომ ადამიანების სიცოცხლე იქნა გადარჩენილი, რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რაც არის საერთაშორისო და უფრო კონკრეტულად ევროპული სტანდარტი, როდესაც სახელმწიფოს და უფრო კონკრეტულად პოლიციელს აქვს არჩევანი გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე, სტანდარტი ადამიანის უფლებების ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულება არის ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

🔊 ცნობისთვის:

🔴 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

🔴 რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი პირი ბადრი ესებუაა.

🔴 ესებუას სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 შსს: ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა

👉 ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა