მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

რუკა

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

27.04.2021

პენტაგონი: რუსული ჯარის ნაწილმა უკრაინის საზღვრის მისადგომები დატოვა

აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსული ჯარის ნაწილმა უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ამის შესახებ voanews.com იუწყება.

„მოვლენებს ზედმიწევნით ვაკვირდებით. ვხედავთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა უკრაინის საზღვრის მისადგომები დატოვა“ - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.

ამასთანავე, მისი თქმით, საბოლოო შეფასების გაკეთება, ჯერ ადრეა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად და ყირიმში წვრთნები დასრულდა და ჯარი 1-ელ მაისამდე მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნდება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და დასავლელი ლიდერები შიშობდნენ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის ემზადებოდა.

21.04.2021

„ჩვენი პრინციპი მარტივია: უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე“ - ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ კარგად იცის, როგორ მოიქცეს ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ესკალაცია გარდაუვალია? არა. სურს უკრაინას ომი? არა. მზადაა, თუ არა უკრაინა ომისთვის? – კი. შეწყვეტს თუ არა უკრაინა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას? - არასდროს. დაიცავს თუ არა უკრაინა თავს? – ყოველთვის. ჩვენი პრინციპი მარტივია: უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

​ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა ყურადღებით მიუდგნენ ინფორმაციის წყაროებს და არ უსმინონ პოლიტიკოსებს.

„უნდა გვეშინოდეს? – არა, რადგან 2021 წლის უკრაინა ძალიან განსხვავდება 2014 წლის უკრაინისგან“ – განაცხადა ზელენსკიმ.

17.04.2021

„რუსეთი უკრაინის საზღვართან დაჯგუფებას ზრდის, მაგრამ შეტევისთვის პირდაპირი მზადება არ არის“ - უკრაინის ჯარის სარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის სერგეი ნაევის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის საზღვართან დაჯგუფებას ზრდის, მაგრამ შეტევისთვის პირდაპირი მზადება არ არის. ამის შესახებ ნაევმა სავიკ შუსტერის საავტორო გადაცემაში განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა შესაძლო სცენარს განიხილავენ, მათ შორის ყველაზე ცუდსაც.

„ჩვენ შეტევითი დაჯგუფებების შექმნას ვერ ვხედავთ, თუმცა დაძაბულობა კვლავ საკმაოდ მაღალია. კრიტიკული ხაზი გადაკვეთილი არ არის“ - განაცხადა ნაევმა.

მისი ინფორმაციით, 2015-2016 წლებში უკრაინის გარშემო, მათ შორის ყირიმში და დონბასში რუსეთის შეიარაღებული ძალების 88 ათასი სამხედრო იმყოფებოდა. ახლა ეს რაოდენობა 103 ათასამდეა გაზრდილი. მოსალოდნელია რუსეთის დაჯგუფების გაზრდა 110 ათასამდე. ნაევის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცილებით დიდი დაჯგუფების მოსაგერიებლად ემზადება.

16.04.2021

„მხოლოდ დიპლომატიური განცხადებები არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად“ - კონფლიქტოლოგი

„დიდი სამხედრო ცოდნა არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომავალი კვირიდან გემებისთვის დაკეტოს აზოვისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ქერჩის სრუტე, პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინის ქ. მარიუპოლს“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგი ზურაბ ბატიაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, უკრაინასთან ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი დონბასსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო დერეფნის გაჭრას შეეცდება და ეს პროგრამა მინიმუმი იქნება.

„საინტერესოა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ამ მომენტისთვის რუსეთს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში მობილიზებული ჰყავს 90 000-მდე ცოცხალი ძალა, რაც ამ თვის ბოლომდე 110 ათასამდე გაიზრდება. თუ ამას დონბასელ 30 000-მდე მებრძოლს დავუმატებთ, ვიღებთ საკმაოდ სოლიდურ დამრტყმელ ძალას (140 000 კაცი), რისი გაჩერებაც შეტევის შემთხვევაში უკრაინას ძალიან გაუჭირდება...“, - წერს კონფლიქტოლოგი.

15.04.2021

სეპარატისტები დონეცკს ომისთვის ამზადებენ - focus.ua

გამოცემა focus.ua-ის ინფორმაციით, პრორუსი სეპარატისტები დონეცკში საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადებიან. ზოგიერთ შენობასთან ქვიშით სავსე ტომრებს აწყობენ, ხოლო „სახელმწიფო“ უწყებებიდან არქივები გააქვთ.

კერძოდ, ქვიშით სავსე ტომრები დონეცკის მერიის შენობასთან დააწყვეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოებში საწოლებს ათავისუფლებენ.

„დღეს გვიბრძანეს, რომ საავადმყოფოებში საწოლების 60% გაგვეთავისუფლებინა და 21 აპრილისთვის ბომბსაფარები მზადყოფნაში მოგვეყვანა“ - განუცხადა სააგენტოს დონეცკის ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

გამოცემის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რეგიონში ძალისმიერი სცენარი უკრაინისთვის მიუღებელია, რადგანაც ამას მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოჰყვება.

14.04.2021

აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო 24 საათში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამის შესახებ v-variant.com.ua იუწყება.

„ბოევიკებმა“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნები გამოიყენეს. ასევე მათ ცეცხლი გახსნეს ყუმბარმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დასახლება მაიორსკოეს მახლობლად მოწინააღმდეგემ უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინის ჯარის პოზიციები ხელყუმბარებით დაბომბა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. დარღვევების შესახებ ეუთოს დამკვირვებლებმა შესაბამისი ინფორმაცია გადასცეს.

13.04.2021

ნატოს გენმდივანი რუსეთს უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, რომ მან უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ძალთა კონცენტრაცია უკრაინის მახლობლად და მის გარშემო, შეწყვიტოს პროვოკაციები და მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია“ - განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრი კულებასთან ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ადგილი აქვს რუსეთის მიერ ძალთა ყველაზე დიდ კონცენტრაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. „რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათასობით ბრძოლისუნარიანი სამხედრო განათავსა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ კულებამ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი გაუაზრებელ ქმედებებს არ განახორციელებს, რადგანაც ამას „ძალადობის სპირალის ამოქმედება მოჰყვება“.

13.04.2021

რუსეთთან ომის შემთხვევაში უკრაინას მეტი შანსი აქვს, ვიდრე 7 წლის წინ - ექსპერტი

უკრაინას დღეს რუსეთთან ომის შემთხვევაში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე 7 წლის წინ. ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა რუსლან ოსიპენკომ განაცხადა.

ინფორმაციას v-variant.com.ua ავრცელებს.

„ჩვენი შანსები 2021 წელს საკმაოდ მაღალია, ის უფრო მაღალია, ვიდრე 2014 წელს. თუ 2014 წელს საერთაშორისო თანამეგობრობას ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზიები, რომ რუსეთთან და პირადად პუტინთან რამეზე მოლაპარაკება შეიძლება, ახლა რამდენიმე კატასტროფის შემდეგ, რაც პუტინის უშუალო მონაწილეობით და მისი ბრძანებით მოხდა, არანაირი ილუზია აღარ დარჩა და პუტინის იმედი უკვე არავის აქვს. ალიანსი საკმაოდ ძლიერი იქნება, უკრაინის მხარდაჭერა ძლიერი იქნება, ეს არის ძლიერი სიგნალი პუტინისთვის, რომ ის კატასტროფულ სანქციებს მიიღებს, თუ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს“ - აცხადებს ექსპერტი.

ოსიპენკო აცხადებს, რომ პირველ რიგში უკრაინას ახლო მეზობლები დაუჭერენ მხარს. ესენია პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ასევე დიდი ბრიტანეთი, რომელთანაც სამხედრო თანამშრომლობა აკავშირებს. ასევე დაგვეხმარება თურქეთი, მასთანაც რუსეთს ურთიერთობა გაუფუჭდა და ფრენების აკრძალვის შემდეგ უკვე საუბარია პირდაპირ კონფრონტაციაზე.

„რუსეთი, როგორც იქ ამბობენ, დნეპრამდე გასეირნებას ვერ შეძლებს. უკრაინამ შეძლო და რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი კავშირი შექმნა“ - აცხადებს ოსიპენკო.

ექსპერტი ამბობს, რომ ნებისმიერი ომის წინ მასში მონაწილე მხარეები სამხედრო კავშირების შექმნას ცდილობენ, რაც რუსეთს აშკარად არ გამოუვიდა. შესაბამისად კრემლმა ომის პირველი ფაზა უკვე წააგო.

13.04.2021

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 000 სამხედრო განათავსა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან საერთო ჯამში 80 000 ჯარისკაცი და ოფიცერი, ასევე 500 ერთეული ტექნიკა განათავსა. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა. ინფორმაციას aspi.com.ua ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, უკრაინის სიახლოვეს მსგავსი რაოდენობის სამხედროების კონცენტრაცია 2014-2015 წლების შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ჯარის განთავსება სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინ მოხდა. ახლა უშუალოდ შეტევისთვის მზადება არ მიდის, მაგრამ დაჯგუფება საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ყოველდღე ცეცხლს ხსნიან. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

13.04.2021

მოსკოვი აშშ-ს აფრთხილებს: თქვენი ხომალდები ყირიმს ნუ უახლოვდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შავ ზღვაში აშშ-ის ხომალდების შესვლას „პროვოკაციას“ უწოდებს და მათ ყირიმთან ახლოს მისვლას არ ურჩევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ასეთი საქციელი „ინციდენტების რისკს ზრდის“. „ჩვენ აშშ-ს ვაფრთხილებთ, რომ სჯობს ყირიმისგან თავი შორს დაიკავოს. შორს იყოს შავი ზღვის სანაპიროსგან. ამერიკულ ხომალდებს იქ არაფერი ესაქმებათ.

ეს არის პროვოკაციული ღონისძიებები. უმჯობესია ეს გაითვალისწინონ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე“ - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის სამხედრო ფლოტი საკუთარი სანაპიროებისგან ათასობით კილომეტრში იმყოფება.

13.04.2021

ფსკოვის დივიზიის მედესანტეები ყირიმში გადაისროლეს (ვიდეო)

რუსეთის ფსკოვის დივიზიის მედესანტეები ოკუპირებულ ყირიმში გადაისროლეს. ამის შესახებ Conflict Intelligence Team იუწყება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ამ ჯგუფმა ინტერნეტში შესაბამისი ვიდეო გაავრცელა. კადრები ნიჟეგოროდსკაიას სადგურთან არის გადაღებული, რომელიც სიმფეროპოლთან მდებარეობს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ზუსტად ის ტექნიკაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქალაქ ფსკოვთან დააფიქსირეს. მსგავსი ეშელონები, რომლებიც ყირიმში მიდის, მანამდეც გადაიღეს.

Conflict Intelligence Team-ში აცხადებენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი უკრაინის ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებიდან 150-250 კმ-შია განთავსებული. ექსპერტები უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის განახლებას არ გამორიცხავენ.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ყოველდღე ცეცხლს ხსნიან.

13.04.2021

აღმოსავლეთ უკრაინაში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 2 დაიჭრა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა 17-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 2 დაიჭრა. ინფორმაციას variant.com.ua ავრცელებს.

კერძოდ, 15-ჯერ პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, 2 ჯერ კი დისტანციური დანაღმვა განახორციელეს.

„ბოევიკებმა“ 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები, ასევე ყუმბარმტყორცნები და ავტომატური იარაღი გამოიყენეს.

დასახლება მაიორსკოეს მახლობლად სეპარატისტებმა უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, რომელმაც უკრაინის ჯარის პოზიციები ყუმბარებით დაბომბა. უკრაინის ჯარი სიტუაციას სრულად აკონტროლებს.

12.04.2021

რუსეთის შემოჭრისთვის მზად ვართ - ზელენსკი

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე სავსებით რეალურია და ქვეყანა ამისთვის მზად არის,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„რუსეთის შემოჭრის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ ამის შესახებ 2014 წლიდან ვიცით. ისინი ამისთვის მზად არიან, მაგრამ ჩვენც მზად ვართ. ეს ჩვენი მიწაა და ჩვენი ტერიტორია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან უკიდურესად გამწვავდა. სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაჭრილები და დაღუპულები.

8 აპრილს ვითარების შესასწავლად ვლადიმერ ზელენსკი დონბასში ჩავიდა.

11.04.2021

დონბასში უკრაინელების წინააღმდეგ მინსკის ხელშეკრულებით აკრძალული იარაღი გამოიყენეს

11 აპრილის საღამოს მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტა. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

„დღის დასაწყისიდან დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ. ყველა მათგანი განხორციელდა ვოსტოკის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობის არეალში“, - აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალებში .

კერძოდ, ნეველსკოეს დასახლებული პუნქტიდან არც ისე შორს, მტერმა უკრაინელი დამცველების პოზიციებს ესროლა 82 კალიბრიანი ნაღმტყორცნებიდან და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან, რომლებიც აკრძალულია მინსკის ხელშეკრულებებით. ვოდიანოეს მახლობლად, აზოვის მხარეში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს მცირე ზომის იარაღიდან, ტანკსაწინააღმდეგო და ავტომატური მძიმე ყუმბარმტყორცნებიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შორის საბრძოლო დანაკარგები არ არის.

11.04.2021

1 გარდაცვლილი, 1 დაჭრილი, 10-ჯერ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - ვითარება დონბასში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში დონბასში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 10-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მტრის დაბომბვის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. ექსპერტები ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას არ გამორიცხავენ.

10.04.2021

რაძიხოვსკი: უკრაინაში ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი დიდი ძალით კბილებში მოგვცხებდა

„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი ჩვენ კბილებში სრული ძალით მოგვცხებდა“. ამის შესახებ რუსმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ლეონიდ რაძიხოვსკიმ realnoevremya.ru-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რაძიხოვსკის მიაჩნია, რომ არც უკრაინის ინტერესებში და შესაძლებლობებში არ შედის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ძალით აღება, რადგანაც ეს კონფლიქტში რუსეთის ჩარევას გამოიწვევს, ასევე რუსეთს არ აწყობს ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინაში, რადგანაც ეს დასავლეთის ძალზე მტკივნეულ სანქციებს გამოიწვევს.

„დღევანდელი სიტუაცია 2014 წელს განსხვავდება, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა. მაშინ მოსკოვს და დასავლეთს შორის ისეთი ცუდი ურთიერთობები არ იყო, როგორც ახლა. დღეს კი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი უდავოდ გათიშავდა რუსეთს SWIFT-ის სისტემისგან, „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტი, რომელშიც რუსეთმა მილიონები ჩადო, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდებოდა, შესაძლოა, პრობლემები შექმნოდა საგარეო ვალის მომსახურებას, აკრძალულიყო რუსული ნავთობის და გაზის ექსპორტიც კი. რუსეთისთვის ეს ყველაფერი კატასტროფას ნიშნავდა. მზად იყო პუტინი და მისი გარემოცვა ამისთვის? არა მგონია. ყირიმისნაირი სიტუაციის გამეორება დღეს შეუძლებელია. ეს ერთხელ მოხდა და მაშინ პუტინს გამოუვიდა. მაგრამ ყირიმის ანექსია უბრძოლველად განხორციელდა, რაც დღევანდელ მდგომარეობაში წარმოუდგენელია. 2014 წელს უკრაინას დანგრეული ჯარის ნარჩენები ჰყავდა. დღეს კი ეს უკვე სრულფასოვანი ჯარია. რა თქმა უნდა ეს არ არის არც ამერიკული, არც თურქული არმია, მაგრამ მაინც არმიაა. და 45-მილიონიან ქვეყანასთან ბრძოლა რუსეთისთვის მარტივი არ არის. არც უკრაინის მოსახლეობა შეხვდება რუსეთის ჯარს როგორც გამანთავისუფლებელს. ეს კარგად ესმით მოსკოვში. ასე რომ ვფიქრობ, რომ დაძაბულობა იქ შენარჩუნდება, მაგრამ ამის იქით საქმე არ წავა“ - აცხადებს ექსპერტი.

„დონბასთან დაკავშირებით ბოლო დროს რუსეთ უკრაინის ურთიერთობებში გარკვეული წონასწორობა არსებობს. დონეცკის და ლუგანსკი „რესპუბლიკებს“ და უკრაინას შორის ზავის ხაზი ამ წონასწორობის საზღვარია. ამ დაპირისპირების გარშემო ბოლო დღეებში პიარ-თამაში მიდის, მაგრამ რეალურად მისი დარღვევის არც შესაძლებლობა და არც სურვილი არც ერთ მხარეს არ აქვს“ - აცხადებს რაძიხოვსკი.

10.04.2021

აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

9 აპრილის განმავლობაში რეგიონში "ბოევიკების" მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან კვლავ გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და ავტომატური იარაღი. ცეცხლი გახსნილი იყო როგორც დონეცკის, ასევე ლუგანსკის რაიონებში.

ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს დამკვირვებლებს ეცნობა.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. ექსპერტები ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას არ გამორიცხავენ.

09.04.2021

ანდრეი რუდენკო: პუტინს სურს, უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს

კრემლი ცდილობს აიძულოს უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, რომ რუსეთთან „ახალ ზავს“ ხელი მოაწეროს. ამის შესახებ Deutche Welle-ს უკრაინელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ანდრე რუდენკომ განუცხადა.

რუდენკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის ეს ესმის. თუ ადრე ის ამბობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწევს, ახლა აცხადებს, რომ ერთადერთი გზა, რაც დონბასში საომარი მოქმედებებს შეაჩერებს, არის უკრაინის ნატოში გაწევრიანება, რის შესახებაც ზელენსკიმ ალიანსს ოფიციალურად მიმართა. „რუსეთთან შეთანხმება მხოლოდ მოსკოვის პირობებით შეიძლება. უკრაინისთვის კი ეს პრაქტიკულად კაპიტულაციას ნიშნავს. თუმცა მოსკოვში არ ესმით, რომ 2014 წლის უკრაინა და 2021 წლის უკრაინა ორი სხვადასხვა ქვეყანაა. უკრაინის ჯარი სერიოზულად გაძლიერდა. შესაძლოა, ის რუსეთის ჯარის მსგავსად აღჭურვილი და მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ მარტივი გასეირნება ფართომასშტაბიანი ომის განახლების შემთხვევაში მოსკოვს არ ექნება. შვიდი წლის განმავლობაში გაჩნდა უკრაინელი ოფიცრების მთელი თაობა, რომლებმაც მშვენივრად იციან ჯარის მართვა, კარგად იციან რა, სად და როდის უნდა გააკეთონ. თანაც საზოგადოების მხრიდან ჯარის მხარდაჭერა დღეს უკიდურესად მაღალ დონეზეა. წარსულს ჩაბარდა ასევე უკრაინის ზოგიერთი რეგიონის მოწოდებები „მოდი პუტინ!“, დღეს რუსულ ჯარს უბრძოლველად ქალაქებს არავინ ჩააბარებს. უკრაინამ ამ ომში 2014 წლიდან 13 ათასი ადამიანი დაკარგა, ასე რომ დღეს ილუზია არავის აქვს“ - განაცხადა რუდენკომ.

მისი თქმით, რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ მოსკოვი კონფლიქტში სრებრენიცას მსგავსი სიტუაციის გამეორების შემთხვევაშ ჩაერევა, დამაფიქრებელია. „უკრაინა დონბასის მოსახლეობას საკუთარ მოქალაქეებად აღიქვამს და სრებრენისაც მოწყობას იქ არავინ აპირებს. თუმცა არის სხვა საფრთხე. რუსეთმა შეიძლება ეს პროვოკაცია თავად მოაწყოს, რომ შემდეგ ამ საბაბით ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრას“ - განაცხადა რუდენკომ.

ექსპერტის თქმით, უკრაინის საზღვრის მახლობლად იარაღის ჟღარუნით პუტინს სურს აჩვენოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს, რომ უკრაინის მომავალს სწორედ ის წყვეტს. მას სურს, რომ დონბასს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდეს და ამის მეშვეობით ჩაერიოს უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ვლადიმერ ზელენსკი ამ ყველაფერს ხვდება და მისი ბოლოდროინდელი ქმედებები სწორედ ამით არის გამოწვეული.

09.04.2021

პესკოვი: თუ უკრაინაში ომი განახლდა, ჩვენ დამკვირვებლების როლში ვერ დავრჩებით

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, დამკვირვებლის როლში ვერ დარჩება. ამის შესახებ vedomosti.ru იუწყება.

„თუ საბრძოლო მოქმედებები განახლდა და იქ სრებრენიცის მსგავსი ადამიანური კატასტროფის გამეორების საფრთხე იარსებებს, რაზეც პრეზიდენტი პუტინიც საუბრობდა, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი განზე ვერ დადგება და მიიღებს ყველა ზომას, რათა ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს“ - განაცხადა პესკოვმა.

მისი განცხადებით, დონბასში არსებული სიტუაციის შედარება ყოფილ იუგოსლავიასა და სრებრენიცასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის მოქმედებაზე დაყრდნობით კეთდება, რომლებიც შოვინისტურ განწყობებს აღვივებენ და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოსახლეობის მიმართ სიძულვილს ამძაფრებენ.

დაპირისპირების ხაზზე არსებული სიტუაცია პესკოვმა შეაფასა როგორც „ძალზე არასტაბილური“ და აღნიშნა, რომ მისი განვითარების დინამიკა სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეს ქმნის. „არსებობს უკრაინაში სამოქალაქო ომის განახლების საფრთხე. თუ ჩვენს საზღვრებთან სამოქალაქო ომი განახლდა, ეს რუსეთის ფედერაციის საფრთხეს შეუქმნის“ - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში აპრილის დასაწყისიდან მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყოველდღე არიან დაღუპულები და დაჭრილები.

09.04.2021

აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს. ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

11-ჯერ მოწინააღმდეგემ ცეცხლი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით გახსნა. 2-ჯერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიბომბა, ხოლო ერთხელ სეპარატისტებმა ნაღმების დისტანციური დაგება განახორციელეს. ასევე მათ საფორტიფიკაციო ნაგებობები გაამაგრეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური იარაღიდან.

8.04.2021

აშშ-მ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში შეიძლება სამხედრო ხომალდები გამოგზავნოს

უკრაინის საზღვართან რუსეთთან დაძაბულობის საპირისპიროდ, აშშ-მ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები შეიძლება გამოგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ამერიკელები ფიქრობენ, რომ სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში განთავსება რუსეთისთვის განსაკუთრებული მესიჯი იქნება, რომ აშშ მოვლენებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წყარომ აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ რუსეთის ძალების გაძლიერებას არ განიხილავს, როგორც მომზადებას შეტევითი მოქმედებისთვის, თუმცა, პენტაგონში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია შეიცვლება, აშშ მზად იქნება საპასუხო ქმედებებისთვის.

8.04.2021

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთს ფართომასშტაბიანი ომი არ უნდა აწყობდეს, რადგან დონბასში სიტუაციას ისედაც აკონტროლებს

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სიტუაცია რთულად პროგნოზირებადია.


კონფლიქტოლოგის თქმით, რუსეთს ფართომასშტაბიანი ომი არ უნდა აწყობდეს, რადგან სიტუაციას ისედაც აკონტროლებს.

„ძალიან დაძაბული ვითარებაა და რთულია პროგნოზირება, რაც ხდება რუსეთის მიერ პროვოცირებული და ინიცირებულია. მგონია, რომ ლოგიკურად რუსეთს ფართომასშტაბიანი ომი არ უნდა აწყობდეს, იმიტომ რომ სიტუაციას ისედაც აკონტროლებს.

რუსეთს საქართველოს შემთხვევაში 2008 წელს და ასევე ყირიმის შემთხვევაში, უნდოდა დაეკავებინა პოზიციები და რაღაც პროცესებისთვის შეეშალა ხელი, მაგალითად საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ნატოში. მან თავისას მიაღწია, ჩაითრია თავის დროზე საქართველო და შემდეგ უკრაინა საომარ მოქმედებებში. ტერიტორიებზე დაამყარა კონტროლი, ისევე როგორც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მოახდინა ოკუპაცია, ასევე დონბასში და ყირიმში“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

8.04.2021

ზელენსკი დონბასში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ზელენსკი უკრაინელი სამხედროების პოზიციებს მოინახულებს და სამხედრო მაღალჩინოსნებთან თათბირს გამართავს.

„ზელენსკი დონბასში ჩადის როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. ვიზიტის მიზანია სამხედროებთან შეხვედრა და მათი საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება“ - განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დღეებში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყოველდღე არიან დაღუპულები და დაჭრილები.

8.04.2021

უკრაინის საზღვართან რუსული ჯავშანტექნიკა დააფიქსირეს

რუსეთის ვორონეჟის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 170 კმ-ში Conflict Intelligence Team-ის წარმომადგენლებმა

საველე ბანაკის ფოტოები ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო. მათ შემთხვევით აღმოაჩინეს ბანაკი, სადაც დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაა დისლოცირებული, მათ შორის ტანკები.

რუსული შეიარაღებული ძალების საველე ბანაკი დააფიქსირეს. ამის შესახებ BBC-ის უკრაინული სამსახური იუწყება.

„აქედან უკრაინის საზღვრამდე მარშით მისვლა ერთ დღე-ღამეშია შესაძლებელი. აქ არის კარვები, სამზარეულო, სამედიცინო პუნქტი. ამ ადგილას, სავარაუდოდ, სხვა ტექნიკაც იქნება გადმოსროლილი. “ - ამბობენ ადგილობრივი მკვიდრები.

8.04.2021

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„ცეცხლი პესკის და ოპიტნოეს მიდამოებში გაიხსნა. რუსი ოკუპანტები 82მმ-იანი და 120 მმ-იანი ნაღმმტყირცნებიდან ისროდნენ. ასევე მოწინააღმდეგემ ყუმბარმტყორცნები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა“ - განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

დაბომბვის დროს კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. სეპარატისტების მხრიდან დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისიდან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების და პრორუსი სეპარატისტების მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

8.04.2021

დონბასში ნაღმმტყორცნიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში დაძაბული სიტუაცია ამ დრომდე რჩება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ჯარისკაცს ნაღმის ნამსხვრევი მოხვდა.

„სოფელ პესკისთან და ოპიტნოიეს მახლობლად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს 82 და 120 კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მტერმა გამოიყენა სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები და მცირე ზომის იარაღი“, - ნათქვამია ოპერატიულ-ტაქტიკურ ქვედანაყოფ „აღმოსავლეთის“ პრესცენტრის ინფორმაციაში.

7.04.2021

უკრაინულმა სადაზვერვო ჯგუფმა „ბოევიკების“ სადამკვირვებლო პოსტი გაანადგურა (ვიდეო)

უკრაინულმა მხარემ პრორუსი „ბოევიკების“ სადამკვირვებლო პოსტი გაანადგურა. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეო უპილოტო საფრენი აპარატიდან არის გადაღებული. ინფორმაციას unian.net ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პოზიციიდან სხვადასხვა ტიპის იარაღიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაბომბვა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ სადაზვერვო ჯგუფმა ამ პოზიციის წინააღმდეგ დივერსიული ოპერაცია განახორციელეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, პოზიციაზე მყოფი „ბოევიკები“ განადგურებულები არიან.

7.04.2021

პესკოვი: რუსული ჯარი უკრაინის საზღვართან იმდენ ხანს იქნება, რამდენიც საჭიროა

„რუსული ჯარი უკრაინის საზღვართან არავის ემუქრება და იქ იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭიროა". ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას interfax.ru ავრცელებს.

„შეიარაღებული ძალების იქ ყოფნა მიზანშეწონილად ჩაითვალა. რუსეთის ფედერაცია არავის ემუქრება. ჯარი იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“ - განაცხადა პესკოვმა.

მან, ასევე, დაამატა, რომ ჯარი იქ იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც იქნება აუცილებელი. ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ეს შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილი, პესკოვმა განაცხადა, რომ „ამის შესახებ მას ინფორმაცია არა აქვს“.

7.04.2021

დონბასში ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 15 მოხალისე იმყოფება - „სპუტნიკი“

აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში ამჟამად 15 მოხალისე იმყოფება ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

როგორც სააგენტოს ოსმა მოხალისეებმა განუცხადეს, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძვიან, დონბასში მდგომარეობის გამწვავება უფრო მაისისთვის არის მოსალოდნელი.

„დღეს იქ პრაქტიკულად ყოველდღე იღუპებიან ადამიანები. მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები, თუ ადრე მხარეეებს ერთმანეთისგან 1500 მეტრი აშორებდათ, ახლა ეს დისტანცია მაქსიმუმ 300-500 მეტრამდე შემცირდა. უკრაინელების მხარეს არიან მოხალისეები თურქეთიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან. მათ იქ დაახლოებით იგივე სცენარის გათამაშება სურთ, რაც საქართველომ ცხინვალში განახორციელა 2008 წელს" - ამბობენ ოსი მოხალისეები.

ოსი მოხალისეები დაძაბულობის ესკალაციაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ. მათი თქმით, თუ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდა, ისინი მზად არიან ჩავიდნენ და სეპარატისტების მხარეს იბრძოლონ.

7.04.2021

რუსეთიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გადაადგილდება (ვიდეო)

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გადაადგილდება. შესაბამისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ჯავშანტექნიკით დატვირთული ეშელონები ვორონეჟში და კრასნოდარის ოლქებშია გადაღებული. გადაკვეთეს თუ არა მათ რუსეთ-უკრაინის საზღვარი, უცნობია.

ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

შეერთებულმა შტატებმა და ნატომ რუსეთის დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა. კრემლი კი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე ხდება, რისი უფლებაც მას აქვს.

6.04.2021

„ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის დასრულებისკენ“ - ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას, განაცხადა, რომ უკრაინის შესვლა ალიანსში ერთადერთი გზაა დონბასის ომის დასრულებისთვის.

„ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვის მატების სახიფათო ტენდენციას ვხედავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყველაზე აქტუალური საკითხია ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების შესაძლებლობაა.

„ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ჩვენი არმიის და თავდაცვის სექტორის რეფორმირება, მაგრამ მხოლოდ რეფორმებს არ შეუძლიათ შეაჩერონ რუსეთი. ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის დასრულებისკენ. MAP იქნება ნამდვილი სიგნალი რუსეთის ფედერაციისთვის“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

6.04.2021

„რუსეთი დიდი ხანია მისი მეზობლების მიმართ დაშინების პოლიტიკას აგრძელებს“- აშშ-ს პრესსპიკერი ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შტატები მოსკოვის მცდელობით შეშფოთებულია, ის ცდილობს დააშინოს უკრაინა. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს სთხოვა აეხსნა ბოლოდროინდელი „პროვოკაციების“ შესახებ უკრაინის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთის ჯარის გადაადგილებამ უკრაინაში საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია.

პრესსპიკერი ნეიდ პრაისი აღნიშნავს, რომ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს ლონდონი რომლის წარმომადგენლებიც ესაუბრნენ კიევის წარმომადგენლობას და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამჟამად დასავლელი პარტნიორებისაგან უკრაინა ითხოვს, რომ გაზარდონ სანქციები რუსეთის მიმართ.

„მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა არის რუსეთის ქმედების მოტივი, ჩემი საქმეა ვისაუბრო თუ რას აკეთებს აშშ-ს მთავრობა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო უკრაინის საზღვარზე ვითარების ესკალაციით და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით.

რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციის პროცესს. მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს ესკალაციური ქმედებებისაგან.

ჩვენ რუსეთს მოვთხოვეთ ამ პროვიკაციების განმარტება. გავაჟღერეთ უკრაინული პარტნიორებისადმი მხარდამჭერი გზავნილები და ეს მესიჯი მკაფიო იყო, რომ მათ გვერდით ვდგავართ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. რუსეთი დიდი ხანია აგრძელებს დაშინების პოლიტიკას მისი მეზობლების მიმართ“- განაცხადა ნედ პრაისმა.

6.04.2021

„გამოვხატე სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებზე“- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი Twitter-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. იგი ეხმაურება აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ შეიარაღებული ძალების გააქტიურებას.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

„მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო.

ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაგრძელებთ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის მხარდაჭერას“- წერს იენს სტოლტენბერგი.

6.04.2021

დონბასში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - დაიღუპა კიდევ ორი ჯარისკაცი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე შვიდჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს

გამოცემის ცნობით, აზოვის რეგიონში, ავდეევკას, ლებედინსკოესა და ვოდიანოეს დასახლებებთან რუსმა შეიარაღებულმა პირებმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს.

„მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩვენმა ჯარისკაცებმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მიიღეს, მოგვიანებით კი გარდაიცვალნენ“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ პრორუსული დაქირავებული სამხედროები განაგრძობენ მუშაობას ძველი ტექნიკის აღჭურვასა და ახალი თავდაცვითი პოზიციების მოწყობას.

უკრაინულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა ეუთოს მომხდარის შესახებ.

6.04.2021

„აშშ ცდილობს მოსკოვს დაანახოს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ყველა შესაძლო ძალით დაეხმარება“ - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამხედრო შეტაკებაში.

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, ფართომასშტაბიანი ომი არავის ინტერესში არ შედის და არც რუსეთის ფედერაციას უნდა აინტერესებდეს, რადგან შესაძლოა ეს მისთვის ცუდად დამთავრდეს.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად ცდილობს დაანახოს მოსკოვს, რომ უკრაინას არ მიატოვებს.

„დაძაბულობა ნამდვილად მაღალი დონისაა. დაიწყება თუ არა ფართომასშტაბიანი ომი ალბათ ეს არავის ინტერესებში არ შედის, არც რუსეთს უნდა აინტერესებდეს, რადგან შეიძლება მისთვის ძალიან ცუდად დასრულდეს. მაგრამ მეორე მხრივ როდესაც ამხელა საჯარისო ნაწილებია დაპირისპირებული და ძალიან ახლო შეხებაში არიან, შეიძლება ისე მოხდეს, რომ უბრალოდ თავიდან აცილება ვეღარ მოხერხდეს.

ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამხედრო შეტაკებაში. რა თქმა უნდა შეერთებული შტატები ცალსახად ცდილობს დაანახოს მოსკოვს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ყველა შესაძლო ძალით დაეხმარება მას თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას“, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილი ამბობს, რომ კონგრესის რეაქცია არ დააყოვნებს იმ შემთხვევაში თუ უკრაინაზე კრემლი მასშტაბურ სამხედრო იერიშს მიიტანს.

„ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილებში, რომელიც ევროპაშია განთავსებული გამოცხადებულია უმაღლესი დონის განგაში, რაც ალბათ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად პირდაპირ ჩაერევიან სამხედრო მოქმედებებში იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის შემდგომ ოკუპაციას დაიწყებს. შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ მაგალითად, დაზვერვით ოპერაციებში, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ რაიმე სახის მხარდამჭერ ოპერაციებში, ლოჯისტიკურ ოპერაციაში, შესაძლოა უკრაინის ჯარები მოამარაგონ ლეტალური იარაღით და თან დიდი რაოდენობით.

რა თქმა უნდა საჭიროა კონგრესის სანქცია იმისთვის, რომ მასიურად მოხდეს უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ ასე მგონია, რომ კონგრესის რეაქცია არ დააყოვნებს იმ შემთხვევაში თუ უკრაინაზე იქნება მასშტაბური სამხედრო შეტევა მიტანილი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

თქვენ სანქციები ახსენეთ და ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესეს, არაეფექტურია.

Pia.ge-ს კითხვაზე როგორია მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ? - კახა გოგოლაშვილის თქმით, „გენერალი ჰოჯესი ალბათ იმას გულისხმობდა, რომ არ აქვს იმხელა ეფექტი, რომ სიტუაცია მოეგვარებინა“.

„რა თქმა უნდა ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა ძალიან ბევრი დაკარგა ამ სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკასაც და სხვადასხვა ასპექტებში, მაგალითად ტექნიკური განვითარების მიმართულებით, რუსეთის სხვადასხვა სამრეწველო დარგებში პროგრესის უქონლობით და ა.შ. გაზის წარმოებაშიც კი რუსეთს აშკარად დააკლდა ამერიკული ტექნოლოგიები. სანქციებმა ცხადია ზიანი მიაყენა რუსეთს, მაგრამ სანქციები არ არის ისეთი რომ რუსეთი შეაჩეროს. ვხედავთ, რომ რუსეთი არ ჩერდება და ძალიან სარისკო მოქმედებებს აგრძელებს თავის მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა. განაგრძეთ კითხვა:

6.04.2021

დონბასში კიდევ ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში „ბოევიკებმა“ კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დონბასში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ზეწოლა მოახდინოს უკრაინის საზღვარზე ჯარების გაძლიერების გზით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთმა შეიძლება სცადოს თავისი ჯარების გადაყვანა უკრაინის სხვა ტერიტორიაზე.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მარტო არ დატოვებს უკრაინას და არ დაუშვებს რუსეთის ფედერაციის აგრესიული მისწრაფებების განხორციელებას უკრაინის მიმართ.

6.04.2021

დონბასში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - დაიღუპა კიდევ ორი ჯარისკაცი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე შვიდჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აზოვის რეგიონში, ავდეევკას, ლებედინსკოესა და ვოდიანოეს დასახლებებთან რუსმა შეიარაღებულმა პირებმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს.

„მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩვენმა ჯარისკაცებმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მიიღეს, მოგვიანებით კი გარდაიცვალნენ“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ პრორუსული დაქირავებული სამხედროები განაგრძობენ მუშაობას ძველი ტექნიკის აღჭურვასა და ახალი თავდაცვითი პოზიციების მოწყობას.

უკრაინულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა ეუთოს მომხდარის შესახებ.

5.04.2021

„რუსეთს უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება სურს“ - გენერალი ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს.

გენერალი ჰოჯესი აცხადებს, რომ რუსეთზე სანქციები მოსალოდნელ ეფექტს არ იძლევა.

ამასთან, ჰოჯესის თქმით, რუსეთის მიზანია ოდესამდე მიღწევა და უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება.

„რუსეთს ოდესაში შეღწევა და უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება სურს“, - აცხადებს ჰოჯესი ინტერვიუში.

გენერლის თქმით, რუსეთის სამხედრო მანევრები უკრაინის საზღვრებთან, სადაც ნატოს მოკავშირეები აფიქსირებენ არაჯანსაღ რუსულ ქმედებებს, შემაშფოთებელია და ყურადღებას მოითხოვს.

ჟურნალისტის კითხვაზე გარდაუვალია თუ არა რუსეთის ფედერაციასთან ომი, გენერალი ამბობს, რომ რუსეთი და კრემლი აჩვენებენ „ნულოვან სურვილს“ შეწყვიტონ ძალადობა და იპოვონ არსებული ვითარებიდან გამოსავალი.

„რუსეთმა მოკლა უკრაინის ათასობით მოქალაქე და განაგრძობს უკრაინის ჯარისკაცების მოკვლას, მიუხედავად ე.წ. ცეცხლის შეწყვეტისა. რუსეთი და კრემლი აჩვენებენ „ნულოვან სურვილს“ შეწყვიტონ ძალადობა და იპოვონ არსებული ვითარებიდან გამოსავალი.

ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, მისმა ახალმა ადმინისტრაციამ, მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი შეერთებული შტატების პრიორიტეტია“, - განაცხადა ჰოჯესმა.

5.04.2021

აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკებმა“ უკრაინის ჯარს ცეცხლი ერთხელ გაუხსნეს

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსმა „ბოევიკებმა“ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი ერთხელ გაუხსნეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

სეპარატისტებმა ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს. პივდინეს დასახლების მახლობლად კი „ბოევიკებმა“ ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს.

ბოლო დღეებში ეუთოს დამკვირვებლებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახშირებული დარღვევა დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლი 1221-ჯერ გაიხსნა. 500-ჯერ მძიმე შეიარაღება იყო გამოყენებული.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პრორუს სეპარატისტებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში შეიძლება ფართომასშტაბიანი კონფლიქტი განახლდეს.

2.04.2021

„რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს უშუალოდ ეხება“ - ზურაბ ბატიაშვილი

„სურათი არის ის, რომ რუსეთმა მოახდინა საკმაოდ დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრირება უკრაინასთან და როგორც სჩვევია, მას აქვს გაწერილი პროვოკაციების მთელი სქემა. რომელსაც, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დაიწყებს მათ განხორციელებას, რათა უკრაინა ჩაითრიოს მსხვილმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში და ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რამდენად შეძლებს უკრაინა წამოეგოს რუსულ პროვოკაციებს“, - ამის შესახებ კონფლიქტების საკითხებში ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის საზღვართან შესაძლოა ფართომასშტაბიანი კონფლიქტის მომსწრე გავხდეთ, რაც ორივე მხარეს დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

„ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ მოვლენები ნებისმიერი სცენარით შეიძლება განვითარდეს, რადგან ამხელა მასშტაბით სამხედრო ძალის ერთ ადგილას თავმოყრა ტყუილად არ ხდება ხოლმე. სამხედრო ლოგიკა ვერ აიტანს იმას, რომ ამხელა მასშტაბის ტექნიკა ერთ ადგილად დიდხანს იყოს გაჩერებული უსაქმოდ.

უკრაინა ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის, თუმცა რუსეთთან შედარებით პატარა შესაძლებლობები აქვს. უკრაინას აქვს პლუსი იმ კუთხით, რომ თავის ქვეყანას იცავს და თავის ტერიტორიაზე მოქმედებს, რაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უპირატესობას ანიჭებს. უკრაინამ ბოლო პერიოდში საკმაო რაოდენობით შეიძინა თურქული დრონები და ასე ვთქვათ, თავის შეიარაღებაში ჩართო. სწორედ ამაშია საქმე, რომ ორივე სერიოზული ძალაა და მსხვერპლი ორივე მხარეს შესაძლოა დიდი იყოს“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთან უშუალო კავშირშია, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა უნდა შეინარჩუნოს, რათა საჭირო მომენტში მათგან თანადგომა მიიღოს.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ეს პროცესი რუსეთის მიერ საბჭოთა-კავშირის აღდგენის გეგმის ნაწილი იყოს.

„ეს საკითხი ჩვენ უშუალოდ გვეხება, რადგან თუ დაიწყეს ამ გეგმის განხორციელება, ეს ვერ მოხდება თუ მაში არ იქნება უკრაინა და კავკასია. საქართველო კავკასიაში წამყვანი ქვეყანაა და ამიტომ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ეს პროექტი არ შედგება. ამიტომ უკრაინაში რაც ხდება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იხილეთ ვრცლად:

2.04.2021

„სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს“ - ვახტანგ მაისაია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილ დაძაბულობას აფასებს

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია PIA.GE-სთან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილ დაძაბულობას აფასებს და მოვლენათა განვითარების სავარაუდო ვერსიებზე საუბრობს.

„რუსეთ-უკრაინის დღევანდელი სავარაუდო სამხედრო კონფლიქტის სახე ცოტა რთულად შეიძლება წარმოვაჩინოთ.

ორივე მხარეს საკმაოდ სერიოზული სამხედრო ძალაა კონცენტრირებული, განსაკუთრებით, ეს ეხება უკრაინელებს, რუსებს გასაგებია, რომ უკრაინისგან არანაკლები სერიოზული ძალა აქვთ, ისინი ამ კონფლიქტს განიხილავენ კონტრტერორისტული დონიდან უკვე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის დონემდე და მათ განცხადებული აქვთ, რომ იქ ებრძვიან არა ტერორისტებს, არამედ რუსეთის სამხედრო ძალას.

ამიტომ, სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს იმიტომ, რომ ორივე მხარე მზად არის წავიდეს ვა-ბანკზე. იხილეთ ვრცლად: