მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ ცდილობს მოსკოვს დაანახოს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ყველა შესაძლო ძალით დაეხმარება“ - კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამხედრო შეტაკებაში.

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, ფართომასშტაბიანი ომი არავის ინტერესში არ შედის და არც რუსეთის ფედერაციას უნდა აინტერესებდეს, რადგან შესაძლოა ეს მისთვის ცუდად დამთავრდეს.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად ცდილობს დაანახოს მოსკოვს, რომ უკრაინას არ მიატოვებს.

„დაძაბულობა ნამდვილად მაღალი დონისაა. დაიწყება თუ არა ფართომასშტაბიანი ომი ალბათ ეს არავის ინტერესებში არ შედის, არც რუსეთს უნდა აინტერესებდეს, რადგან შეიძლება მისთვის ძალიან ცუდად დასრულდეს. მაგრამ მეორე მხრივ როდესაც ამხელა საჯარისო ნაწილებია დაპირისპირებული და ძალიან ახლო შეხებაში არიან, შეიძლება ისე მოხდეს, რომ უბრალოდ თავიდან აცილება ვეღარ მოხერხდეს.

ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამხედრო შეტაკებაში. რა თქმა უნდა შეერთებული შტატები ცალსახად ცდილობს დაანახოს მოსკოვს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ყველა შესაძლო ძალით დაეხმარება მას თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას“, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილი ამბობს, რომ კონგრესის რეაქცია არ დააყოვნებს იმ შემთხვევაში თუ უკრაინაზე კრემლი მასშტაბურ სამხედრო იერიშს მიიტანს.

„ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილებში, რომელიც ევროპაშია განთავსებული გამოცხადებულია უმაღლესი დონის განგაში, რაც ალბათ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად პირდაპირ ჩაერევიან სამხედრო მოქმედებებში იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის შემდგომ ოკუპაციას დაიწყებს. შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ მაგალითად, დაზვერვით ოპერაციებში, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ რაიმე სახის მხარდამჭერ ოპერაციებში, ლოჯისტიკურ ოპერაციაში, შესაძლოა უკრაინის ჯარები მოამარაგონ ლეტალური იარაღით და თან დიდი რაოდენობით.

რა თქმა უნდა საჭიროა კონგრესის სანქცია იმისთვის, რომ მასიურად მოხდეს უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ ასე მგონია, რომ კონგრესის რეაქცია არ დააყოვნებს იმ შემთხვევაში თუ უკრაინაზე იქნება მასშტაბური სამხედრო შეტევა მიტანილი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

თქვენ სანქციები ახსენეთ და ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესეს, არაეფექტურია.

Pia.ge- კითხვაზე როგორია მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ? - კახა გოგოლაშვილის თქმით, „გენერალი ჰოჯესი ალბათ იმას გულისხმობდა, რომ არ აქვს იმხელა ეფექტი, რომ სიტუაცია მოეგვარებინა“.

„რა თქმა უნდა ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა ძალიან ბევრი დაკარგა ამ სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკასაც და სხვადასხვა ასპექტებში, მაგალითად ტექნიკური განვითარების მიმართულებით, რუსეთის სხვადასხვა სამრეწველო დარგებში პროგრესის უქონლობით და ა.შ. გაზის წარმოებაშიც კი რუსეთს აშკარად დააკლდა ამერიკული ტექნოლოგიები. სანქციებმა ცხადია ზიანი მიაყენა რუსეთს, მაგრამ სანქციები არ არის ისეთი რომ რუსეთი შეაჩეროს. ვხედავთ, რომ რუსეთი არ ჩერდება და ძალიან სარისკო მოქმედებებს აგრძელებს თავის მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ერთადერთი გზა, რომ დონბასში ომი დასრულდეს, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ არც უკრაინაში და არც საქართველოში დემოკრატიულ-ლიბერალურ ფასეულობებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ, ისე როგორც ეს ხდება რუსეთში.

„უკრაინა და საქართველო ნათელი წერტილები არიან იმ თვალსაზრისით, რომ მიუხედავად ყველანაირი ქაოსისა და სირთულეებისა, რომლებსაც ამ ქვეყნებში ადგილი აქვს, მათ მკაფიო არჩევანი აქვთ და ეს არჩევანია დემოკრატია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს არის ფასეულობები, რომლისკენაც მიიღწვიან ისინი. არც უკრაინაში და არც საქართველოში დემოკრატიულ-ლიბერალურ ფასეულობებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ, ისე როგორც ეს ხდება რუსეთში.

უკრაინასა და საქართველოში ცალსახად არის ევროატლანტიკური ფასეულობების მიმართ პატივისცემა და ლტოლვა, თუმცა ყოველთვის ყველაფერი კარგად ვერ კეთდება, მაგრამ ეს ისტორიული პროცესების შედეგია და ქვეყნების ტრანსფორმაცია მარტივად არ ხდება. რაც ყველაზე მთავარია ნება არსებობს ტრანსფორმაციის და არსებობს მიმართულება. ამ კონტექსტში აშშ-ისთვის ეს ქვეყნები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მათი წარმატება ან წარუმატებლობა ძალიან დიდ გავლენას იქონიებს საერთოდ დასავლური ფასეულობების შემდგომი გავრცელების ბედზე“, - დასძინა კახა გოგოლაშვილმა.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

ამავე თემაზე 👇

👉 „გამოვხატე სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებზე“- იენს სტოლტენბერგი

👉 დონბასში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - დაიღუპა კიდევ ორი ჯარისკაცი

👉 „რუსეთს უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება სურს“ - გენერალი ბენ ჰოჯესი