მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სანამ „ქართული ოცნება“ არ დაინახავს ძალას, უკან დახევის შანსს ვერ ვხედავ“ - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 30 მარტს ევროპელი მედიატორის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სანამ ძალას არ დაინახავს დასავლეთისგან, ის ვერ ხედავ შანსს, რომ უკან დაიხიონ. 

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრის მეორე რაუნდი პირველი რაუნდის მსგავსად დასრულდა.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის დამოკიდებულება პროცესებთან მიმართებაში უნდა შეიცვალოს.

„მეორე რაუნდი არაფრით განსხვავდებოდა პირველისგან. მოლაპარაკებების დროს მცდელობა იყო, რომ რამენაირად ისეთი ტექსტი დადებულიყო, რაზეც „ქართული ოცნება“ თანახმა იქნებოდა. ოპოზიცია ცხადია არ იყო თანახმა, ორი პუნქტის გამო, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა პრეტენზიები ისევე როგორც სხვა პუნქტთან მიმართებაში.

გამოსავალი არის იმაში, რომ დასავლეთის დამოკიდებულება და პროცესებისადმი მიმართებაში უნდა შეიცვალოს. ეს გზავნილები, რომ „ორივე მხარე არის პასუხისმგებელი და ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, კარგი დიპლომატიური ენაა“, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც მართლაც არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.

ამ რეალობასა და მოცემულობაში სადაც ჩვენ ვართ ამ გზავნილს უბრალოდ „ქართული ოცნება“ ერთის მხრივ თავის სასარგებლოდ იყენებს, მერე კი ხელს იშვერს ოპოზიციისკენ, მეორე მხრივ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამას ივანიშვილი აღიქვამს როგორც სისუსტეს, ამ შემთხვევაში სისუსტეს როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

საერთოდ არ მგონია, რომ სანქციებამდე მისვლა საჭიროც კი იყოს. როგორც კი გზავნილები გასწორდება და გასაგებად ეტყვიან „ჩვენთან დასავლეთში სასამართლო არის დამოუკიდებელი და თქვენ უნდა გააკეთოთ, არჩევნები უნდა ტარდებოდეს ისე როგორც ჩვენთან“ ალბათ „ოცნება“ სხვანაირად მოიქცევა.

არცერთ დასავლურ ქვეყანაში ასეთი კრიზისი არ არის. გამოსავალი არის იმაში, რომ გზავნილებში სიმართლე იყოს და არანაირი მუქარა სანქციების შესახებ საჭირო არ იქნება. გასაგები იქნება, რომ უკან უნდა დაიხიონ და დაიხევენ კიდეც.

სხვა შემთხვევაში ბატონი დანიელსონი შეიძლება ჩამოვიდეს, მესამედ, მეოთხედ, მაგრამ სანამ „ოცნება“ არ დაინახავს ძალას ვერ ვხედავ შანსს, რომ უკან დაიხიონ“, - განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდის ლიდერებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკების პროცესში ჩართულმა ევროპელმა მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო დღეს დატოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „ევროპელებშიც იმედგაცრუება ნელ-ნელა გროვდება, ორივე მხარე საკუთარ ეგოისტურ პოზიციებს იმყარებს“ - კახა გოგოლაშვილი

👉 ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ულტიმატუმებით ჩაკეტა დიალოგი