მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-ის მთავრობის განცხადებები ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

„საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

კელი დეგნანმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „სანქციები ერთ-ერთია იმ მრავალი ინსტრუმენტიდან, რომელიც არსებობს.“

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ჩვენ ღრმად, ღრმად იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, თუ როგორ განვითარდა პროცესები. ქართული პარტიები, მათ შორის მმართველი პარტია დათანხმდა, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები შეჩერდებოდა მანამ, სანამ არ მოხდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმა. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.

ეს არის ის, რაზედაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ, რომ ეს დანიშვნები შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს ჯერ არ მომხდარა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს მოსამართლეები დაინიშნნენ.

პარლამენტს შეეძლო ამ პროცესის შეჩერება. აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და არ იქნეს უგულებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ინფორმაციისთვის, 12 ივლისს მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ დაამტკიცა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შემდეგი კანდიდატების დანიშვნას: გოჩა აბუსერიძე; გიორგი გოგიაშვილი; ლევან თევზაძე; რევაზ ნადარაია; ლაშა კოჩიაშვილი; ბიძინა სტურუა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ქვეყანაში, რომელსაც ამერიკა სანქციებს ადებს, ინვესტიციას არავინ დებს, ინვესტიციის გარეშე კი არაფერი გვეშველება“ - ალეკო ელისაშვილი

✅პროტესტის ფონზე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცა

✅„აშშ ღრმად არის შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო“- ენტონი ბლინკენი

✅„მოსამართლეთა დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს“ - ევროკომისია

✅„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი