მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალადობისკენ მოწოდება ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება“ - გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია Pia.ge

„ეს რადიკალობა გვიქმნის პრობლემებს, მდგომარეობას, როდესაც ორ უკიდურეს პოზიციაზე ვდგებით და გამოსავალს ვერ ვეძებთ“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიიდან იქნება თუ სხვა ინსტიტუციებიდან, ნებისმიერი სახის ძალადობისკენ მოწოდება დასაგმობია.

„უბრალოდ, შეუძლებელია, 21-ე საუკუნეში ვინმე, განსაკუთრებით ეკლესია ერთ ადამიანს მოუწოდებდეს მეორე ადამიანის ფიზიკური ძალადობის საშუალებით რაიმე მიზნის მისაღწევად. მაგრამ არ უნდა წავიდეთ მეორე უკიდურესობაში და ეკლესიაზე განვაზოგადოთ.

ეს რადიკალობა გვიქმნის პრობლემებს, მდგომარეობას, როდესაც ორ უკიდურეს პოზიციაზე ვდგებით და გამოსავალს ვერ ვეძებთ, ასე არ შეიძლება. შეუძლებელია, ერთი მხარე მეორეს ადანაშაულებდეს და მტერს, მოღალატეს ეძახდეს, ეს ასე არ ხდება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ინსტიტუტებზე და იმ აპარატზე, რომელსაც ის მართავს ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში. ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ნაბიჯებზე, ქმედებებზე და მოწოდებებზე, რომელსაც ახორციელებს, რადგან ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია.

საბოლოოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მოწოდება ნებისმიერი ინსტიტუციისგან, მათ შორის ეკლესიისგან კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობის მოწოდება, რაც ამ ქვეყანაში ვერასდროს განხორციელდება სხვადასხვა კულტურული, რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე, ეს უნდა გავითვალისწინოთ.

ჩვენ თუ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთს არ მოვუსმინეთ, ერთმანეთის ინტერესი არ გავითვალისწინეთ, არაფერი გამოვა. ძალადობა მიუღებელია ყოველთვის, ყველგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას დღეს დაკრძალავენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა“ - დიეგო კოლასი

✅„თქვე მოძალადეებო, აქეთ გვეძახით მოძალადეებს, თქვენ უწევთ პროპაგანდას გარყვნილებას“ - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს (ვიდეო)

✅„თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია“ - ჯიმ რიში