მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი“ - პრეზიდენტმა რუსთაველზე დაშავებულები მოინახულა

პრეზიდენტმა დაშავებული ჟურნალისტები მოინახულა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა და ძალადობა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა.

ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა.

ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა.

ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება - ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა.

დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჟურნალისტების სია, რომელთაც რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ

👉 „დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები“ - ნინო ლომჯარია

👉 „დამიჯერეთ, ჟურნალისტების თანადგომა ხვალ თქვენც დაგჭირდებათ“ - დათო ლიკლიკაძე