მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, ამოიჩარა ეს თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით“ - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

„ერთადერთი, რაც ჩემთვის მისაღები იყო, იყო ის ბანერები, რომელიც მედიამ გადმოკიდა. მედიას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი დაღუპული ოპერატორის გამო, დარბევის გამო, რომელიც 5 ივლისს მოხდა, მაგრამ რაც გუშინ მოხდა სხდომათა დარბაზში ორივე მხრიდან, ჩემთვის მიუღებელია“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი არ არის ცირკი, პარლამენტში პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ.

„ჯერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეხტებიან სკამებზე, მაგიდებზე, ყირაზე გადადიან, მერე აშკარად დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს და დეპუტატია, ამოიჩარა ეს თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით და ჩაიშალა სხდომა.

ეს არის მიუღებელი. კვირა დღეს მივედი, რომ მომესმინა გომელაურისთვის და კითხვები დამესვა, რაც მე პირადად და საზოგადოებას აწუხებს. ჯერ პირველი წინადადების მერე, მინდოდა მეორე მომესმინა - „წავედი, გადავდექი, რადგან 5 ივლისს ვერ გავართვი თავი ვითარების კონტროლსო“, მაგრამ ვინ აცალა, დაიწყო და დაიწყო ეს ისტერიკა.

პარლამენტი არ არის ცირკი, პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო, პროტესტიც გამოვხატოთ, მაგრამ ზღვარი აქვს ყველაფერს. არ ვიცი პაპუაშვილმა რა მუხლი დაარღვია და როგორ, მაგრამ ადამიანურად იყო ძალიან რთული სანახავი, თან დინჯი კაცია პაპუაშვილი და ეგრე რატომ აცეტდა, არ ვიცი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიის საპროტესტო ბანერების გამო პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ იმყოფებოდა.

მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ჟურნალისტებმა საპროტესტო პლაკატების გაშლით გამოსვლა შეაწყვეტინეს, რის შემდეგადაც სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ ტრიბუნასთან ასვლა სცადა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა მას ხელი შეუშალა და ადგილიდან თითქმის ხელში აიყვანილი გამოიყვანა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ენმ თინა ბოკუჩავას მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების გამო ეთიკის საბჭოს მიმართავს

✅პარლამენტში ვახტანგ გომელაურის გამოსვლისას ოპოზიციამ და მედიამ საპროტესტო პლაკატები გაშალეს (ვიდეო)

✅ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში - შალვა პაპუაშვილი