მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე სტეფანე: ეგენი ეკლესიის მოწინააღმდეგეები არიან, ჩემი არა

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი

„ეგენი ეკლესიის მოწინააღმდეგეები არიან, ჩემი მოწინააღმდეგეები არ არიან“, - ასე ეხმაურება მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, საეკლესიო კრების მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, სასულიერო პირების ჯგუფმა, რომელიც პეტრე ცაავას უჭერს მხარს, ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიიყვანეს და შეთქმულება მოაწყვეს.

„უკვე ვთქვი, რომ არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას. რა მაქვს დასატოვებელი. რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, მოაწყეს შეთქმულება და მოიყვანეს ხალხი.

ჩვეულებრივად მოვიწვიე საეკლესიო კრება. იქ არავითარი მედია და მრევლი არ იყო მოსაყვანი, იმიტომ, რომ სასულიერო პირებს გვაქვს წესი, რომ ერთმანეთთან ვილაპარაკოთ და ეს კრება იყო ამასთან დაკავშირებული.

იქ, რა თქმა უნდა, ვიღაცას ჰქონდა რაღაც კითხვები, უნდოდა რაღაც პასუხები. მე მზად ვიყავი ამისთვის, რომ მეპასუხა და გველაპარაკა. ეს კრება იყო გაცნობითი, რადგან მე პრაქტიკულად ახალი დადგენილი ვარ და ყველა სასულიერო პირის გაცნობა მინდოდა და გარკვეული საკითხების განხილვა.

კონკრეტულ პირებს ჰქონდათ კითხვები. ისინი მრევლს ამოეფარნენ და მრევლიც არ იყო, იყვნენ ქუთაისიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ერთ-ერთი, ვინც ამ პარტიულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ადრინდელი საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მე როცა პასუხების გაცემა დავიწყე, არ დამაცადეს. ეს სპეციალურად იყო დადგმული“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში, მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა. ინციდენტისას რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი შენობის აივნიდან გადაცვივდნენ.

ადგილზე შეკრებილმა მრევლმა სტეფანე კალაიჯიშვილისგან ეპარქიის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.

ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

გვიან ღამით ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, საეპისკოპოსო რეზიდენციაში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული POSTV-ის ჟურნალისტი მოინახულა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მთავარი მოთხოვნაა იმ ბრალდებების განხილვა, რაც პატრიარქის წინააღმდეგაა წაყენებული“ - დიაკონი კონსტანტინე

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე პირი აივნიდან გადავარდა (ვიდეო)

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიის ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის შესახებ განცხადებას ავრცელებს