მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბუნებრივია, გვერჩივნა დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა“ - ვარლამ გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის დამცველთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა ურჩევნიათ.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ დაწყების დღიდან პროცესი იყოს გამჭვირვალე. დიალოგთან დაკავშირებით იგივეს ვამბობთ.

მუდმივად მზადყოფნას გამოვთქვამთ დიალოგზე და მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ ჯანსაღი გარემო შეგვექმნა საკომუნიკაციოდ.

ბოლოს, როდესაც მოვითხოვეთ, რომ რკინის ბარიკადები აეღოთ, შეჩერებულიყო სამუშაო პროცესი და შემდეგ გაგვეგრძელებინა დიალოგი, ეს შესაძლებლობაც ჩაშალა ხელისუფლებამ.

შეიძლება, გარედან სხვანაირად ჩანს. ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ხდება. შეფასებით ნაწილში ჩვენ ვერ შევალთ.

ყველა სხვადასხვაგვარად ადევნებს პროცესებს თვალს და შეფასებაც სხვადასხვაა. სუბიექტური ვარ, თუ ობიექტური, ეს არის სხვების განსასაზღვრი. ზოგადად, შეფასებით ნაწილში არ ვმონაწილეობთ.

რაც შეეხება ქუჩის აქციებს, რომ არა ქუჩის აქციები, სხვა რა ბერკეტი გვაქვს, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, წამოვიდეს კომუნიკაციაზე“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 24-26 მაისს რიონის ხეობის მცველებმა მხარდამჭერებთან ერთად აქციები თბილისში გამართეს.

26 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობაში დაბრუნდნენ და საპროტესტო აქციები ადგილზე გააგრძელეს. მათი თქმით, ისინი კომპანია „ენკას“ მაქსიმალურად შეზღუდავენ და გუმათში სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ხეობის მცველები ამ დროისთვის კომპანია „ენკას“ საწყობის შესასვლელთან იმყოფებიან და ადგილზე მოძრაობას აკონტროლებენ. კომპანიის თანამშრომლებს გადაადგილება სპეცრაზმის დახმარებით უწევთ.

ცოტა ხნის წინ „ენკას“ ორი თანამშრომლის მიერ ბაზის დატოვებას ხმაური მოჰყვა პროტესტის მონაწილეების მხრიდან. საბოლოოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების ჩარევის შემდეგ დატოვეს.

როგორც პროტესტის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კომპანიის თანამშრომლებისა და სპეცტექნიკის გადაადგილებას ადგილობრივები დღესაც ხელს შეუშლიან.

რიონის ხეობის მცველები საღამოს რკინის ბარიკადებთან მისვლას და საკუთარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას გეგმავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა „მწვანეყვავილას“ დასახლებაში გზა გადაკეტეს