მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ესებუას მამის განცხადებით, მედიით გავრცელებული კადრები ძველია

ბადრი ესებუას მამა ზუგდიდში

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამის განცხადებით, მედიით გავრცელებული კადრები, რომელშიც ქუჩაში მიმავალი მისი შვილი ჩანს, ძველია.

ტარიელ ესებუამ მის სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოუტანა, რომლითაც ბადრი ესებუა ვიდეოშია ასახული.

„ხედავთ ამ ბოტასს, შეადარეთ ეს მაისურიც და ეს ჟილეტიც. ორი დღის წინ ეცმეოდა ხომ?! ორი დღის უკან ეს ტანსაცმელი და ეს ბოტასი ეცვაო, ესენი კი აქ არის. ეს ხომ არის ტყუილი?“,- განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.

ინფორმაციისთვის, ტელეეთერით გავრცელდა სათვალთვალო კამერების კადრები, რომელიც ჟურნალისტების თქმით, 2 დღის წინ ზუგდიდშია გადაღებული. ვიდეოში ბადრი ესებუა ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდება.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა მოხდა. მძარცველმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მისი მოთხოვნა შესრულდა და დამნაშავემ ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და ნახევარი მილიონი დოლარით დატოვა.

26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა.

საქმეზე გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, მძევლად ხელში ჩაგდებისა და ტერორიზმის მუხლებით მიმდინარეობს.