მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური აქტივობა დააჩქარებს ვირუსის პიკს და სიტუაცია დამძიმდება

გახარია ბრიფინგზე თვითიზოლაციიან

დღეს, 5 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

„ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაზე, დღეს უკვე კორონავირუსით ინფიცირების 2 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს.

იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს ზრდა გაგრძელდება, ეს ფაქტია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას, რათა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს.

„რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან. ამიტომ, საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზედ ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა თვითიზოლაციის ინსტრუმენტის ეფექტურობა ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის პროცესში, ასევე - ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებაში.

„როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა.

ბინაზე მკურნალობა - ოჯახის ექიმები, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

გარდა ამისა, კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება.

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

📌 ცნობისთვის, დღეს 5 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 289 ადამიანი განიკურნა.

📌 COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 მთავრობის ახალი რეკომენდაციები კორონავირუსთან საბრძოლველად

👉 საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილება შესაძლოა შეიზღუდოს