მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა იცის საპატრიარქომ გარეჯის რუკებთან დაკავშირებით - ოფიციალური განცხადება

საპატრიარქოს შენობა

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯის საქმეზე მოპოვებულ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და მღვდელმთავრებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად.

თავდაცვის მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქს გააცნო ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც ბატონმა დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და შესაბამის უწყებებში მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა. ასევე შესაბამისი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.

მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დავით გარეჯთან მიმართებაში გამწვავებული ურთიერთობის გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ-კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.

ამიტომც, ბუნებრივია, ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ არ ვიჭრებით სამართლებრივ სფეროში. ეს ჩვენი თემა არ არის. თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯა არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე.

დღეს, არჩევნების წინ, ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მივიღეთ“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დაკავებულები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში რჩებიან.