მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტრასბურგის გადაწყვეტილება, ფარული ჩანაწერები - 21 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი წერს.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!
საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას.

ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“, - აცხადებს წულუკიანი.

⏩ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია

⏩ იუსტიციის მინისტრი: ჩვენ დაგპირდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა უკომპრომისო და ეს დაპირება შესრულებულია

⏩ „საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა“ - პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

დღის პერსონები

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. პროკურატურამ აღნიშნულ ბრალეულობასთან დაკავშირებით, ფარული ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა იხიელთ ბმულზე.

დღის ფრაზები

გიორგი გახარია:

საქართველო მიიღებს მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების კუთხით ვაქცინაციის გეგმა გვაქვს და ჩვენ მზად ვართ უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია დავიწყოთ.

მამუკა მდინარაძე:

ოპოზიციციის წარმომადგენლებს სატელევიზიო ბულინგის ეშინიათ.

ალეკო ელისაშვილი:

ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების“ სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც.

დღის კარგი ამბავი

საქართველოს მთავრობის სხდომაზე ვაქცინაციის გეგმა დამტკიცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მთავრობას წარედგინა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის გეგმა, რომელიც დამტკიცდა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც მან განმარტა, ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რა ტიპის ვაქცინებს მიიღებს ქვეყანა და როგორ მოხდება მისი ლოჯისტიკა.

დღის ცუდი ამბავი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0064 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9977 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.87 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4457 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.5293 ლარი ეღირება.

დღის უცხოური ამბავი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა, პირველ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ www.pressherald.com იუწყება.

ბაიდენმა 15 განკარგულება გამოსცა. ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის პროცედურის შეჩერება, ასევე აშშ-ის დაბრუნება კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში.

რამდენიმე განკარგულება მიგრანტებს. კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებს და ეკონომიკურ თემატიკას უკავშირდება. ასევე ბაიდენმა გამოსცა პროკლამაცია. რომლის მიხედვით 20 იანვარი ეროვნული ერთობის დღედ გამოცხადდა.

ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა. აშშ-ის წინა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციას არ დაესწრო.

დღის ფოტო

კონსტიტუციის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა.

დღის ვიდეო

ტერაქტი ბაღდადში - არის მსხვერპლი