მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

ალიევი სომხეთის შესახებ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ „ეხო კაცკაზა“ იუწყება. 

„სომხეთში მიმდინარე მოვლენები - სომხეთის საშინაო საქმეა. იქ ძალზე რთული ვითარებაა შექმნილი და ის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის“ - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ომის შედეგები უცვლელი დარჩება. „ის განცხადება, რომელსაც 10 ნოემბერს მოეწერა ხელი, სრულდება და მისი შესრულება უნდა გაგრძელდეს. არის საკითხები, რომელზეც მოლაპარაკება ამჟამად მიმდინარეობს. იმედს გამოვთქვამ, რომ 10 ნოემბრის შეთანხმება შესრულდება“ - განაცხადა ალიევმა.

ალიევმა მოუწოდა სომხურ მხარეს, შეეგუოს ახალ რეალობას და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც საკუთარ თავზე იკისრა:

„რევანშის მოწყობის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში აზერბაიჯანი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ, და ძალზე ხისტად ვიმოქმედებთ. თუ დავინახავთ ჩვენთვის საფრთხეს, შესაბამის პასუხს გავცემთ“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა მან გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. განცხადებას ხელი მოაწერეს გენერალური შტაბის უფროსმა ონიკ გასპარიანმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან ონიკ გასპარიანის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას

🔱 სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს