მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორივე ჩინური ვაქცინა ჯანმო-ს მიერ დაწესებული ეფექტიანობის ზღვრის ფარგლებში ჯდება“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1618223763
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორივე ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეფექტიანობის მინიმალურ ზღვარს აკმაყოფილებს და ისინი ბაზარზე დაშვებულია.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, „სინოფარმისა“ და სინოვაკის“ ვაქცინებით მსოფლიოში ჯამში 160 მილიონამდე ადამიანია უკვე აცრილი, რომელთაგან დაახლოებით 100 მლნ არის „სინოფარმით“, ხოლო 60 მლნ-მდე „სინოვაკით“ აცრილი.

მისივე განმარტებით, 11 აპრილს, ჩინური ვაქცინის არასაკმარისი ეფექტიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „სინოვაკის“ ვაქცინას ეხება და არა „სინოფარმს“.

„ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ორივე ჩინური ვაქცინა გამოიყენება გადაუდებელი მდგომარეობის დროს. მათი დაცვის ეფექტურობა არის სხვადასხვა.

ჯანმო-როდესაც აძლევს გადაუდებელი მოხმარების ნებართვას, მას აქვს 50%-იანი ზღვარი დადებული. თუ ვაქცინას აქვს 50%-ზე მეტი ეფექტიანობა, მაშინ მისი დაშვება ბაზარზე შესაძლებელია, რადგან ის იცავს ყველა მეორე ადამიანს გართულებისა და სიკვდილიანობისგან.

ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა, თავად ჩინური და სხვადასხვა კვლევებით მერყეობს 60-დან 89%-მდე. კერძოდ „სინოფარმის“ ეფექტიანობა არის 79-დან 86%-ის ფარგლებში, „სინოვაკმა“ ბრაზილიის კვლევებით აჩვენა 51%-იანი ეფექტიანობა, ხოლო არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ასევე ჩინეთში, აჩვენა - 70%-მდე ეფექტიანობა. ამიტომ ორივე ჯდება ჯანმო-ს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანიის „სინოვაკის“ ვაქცინა კოვიდინფექციისგან იცავს 50.4%-ით. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეფექტიანობა 54%-ია.

კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა დაახლოებით 79%-ია.