მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალბათ მალე ლენინს გამოაძევებენ მავზოლეუმიდან... პუტინმა ამორალური ისტორიული განცხადება გააკეთა“ - პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

„ახალი რუსეთის დაანონსება“, უკრაინის ორი რეგიონის აღიარება, კრემლის ლიდერის ვრცელი მონოლოგი და პარალელი 2008 წლის ქართულ რეალობასთან - სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო Pia.ge კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა. 

ბატონო პაატა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის აღიარებით დავიწყოთ... რა იქნება ახლა? რას უნდა ველოდოთ? რა ტიპის სცენარის განვითარება არის მოსალოდნელი? ვთანხმდებით, რომ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სცდება ამ ქვეყნის კრიზისს...

- რუსეთმა გარდა იმისა, რომ ამ ორი რეგიონის „დამოუკიდებლობა“ აღიარა, აღიარების შემდეგ რამდენიმე საათში პუტინმა განკარგულება გამოსცა და თავდაცვის სამინისტროს დაავალა, „აღიარებული ტერიტორიების უსაფრთხოება“. აქედან გამომდინარე დღესვე თუ არა, უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ რუსეთის ჯარები შევა უკვე, ვითომ „ოფიციალურად“ მის მიერ აღიარებულ ტერიტორიებზე. ჯარების შეყვანა აუცილებლობად არჩია, უკვე ფარისევლურ და ამორალურ კონტექსტში, ვითომ მის მიერ აღიარებულ ტერიტორიაზე. ამას მოჰყვება ის თუ როგორ მოიქცევა უკრაინა, მანდ ძალიან ამორალური ფოკუსი ჩაატარა რუსეთმა.

თუ ამდენ ხანს ყველა ელოდა, რომ  რუსეთი შეიყვანდა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარებს, ახლა რუსეთმა დაატრიალა ისე, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთის მიერ აღიარებულ ტერიტორიაზე შესვლა. ასეთია „სამხრეთ ოსეთი“ და ოკუპირებული აფხაზეთი. დღემდე რუსეთის საოკუპაციო ჯარები დგას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მთელი მსოფლიო ამას ხედავს. ვაპროტესტებთ, მოვითხოვთ მათი ჯარების გაყვანას, მაგრამ მათ არ გაჰყავთ ჯარები.

ხელიც აქვს მოწერილი ჯარების გაყვანაზე, რომელსაც 2008 წელს მოეწერა ხელი და მაინც არ გაჰყავს ანუ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს. საქართველომ უნდა შეიყვანოს ჯარები და ამით შექმნას დაძაბულობა და ასეთივე პასუხისმგებლობაზე გადავიდა დღეს რუსეთი უკრაინის ხელისუფლებაზე. მან უნდა შეიყვანოს ჯარები თავის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი უკვე დამოუკიდებელ ტერიტორიებად მიიჩნევს.

ამიტომ თუ უკრაინამ შეიყვანა ჯარები თავის ტერიტორიაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ომი რუსეთისა და რომელიც „იცავს“ დონბასს, ვითომ მომხდური უკრაინის ჯარების წინააღმდეგ. აი, ასე დაალაგა რუსეთმა სიტუაცია. ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ეს არ იყო ფანტაზიის სფერო. ეს ფოკუსი საქართველოში ჩატარებული ჰქონდა. ამიტომ ეს ვარიანტი მოსალოდნელი იყო და სამწუხაროდ, რაც მოსალოდნელი იყო, ამის რეალიზაცია მოხდა. ამიტომ პასუხისმგებლობა გადასული იქნება უკრაინაზე ანუ რას გააკეთებს ის თუ რუსეთი შეიყვანს ჯარებს მის მიერ უკანონოდ აღიარებულ ტერიტორიებზე. 

დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერა.... მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნებმა ვიცით, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. ზოგი იარაღით დაეხმარა უკრაინას, ზოგი ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა... ამ ყველაფერმა კრემლის მხრიდან აგრესიის განხორციელების შესაძლებლობა შეარბილა? 

- ან შეარბილა ან წინასწარ ასე ჰქონდა რუსეთს დაგეგმილი. რუსეთმა ტემპერატურა ასწია, რათა შემდეგ მოეხდინა მისი აღიარება და შემდეგ გადაეყვანა ქართულ ვარიანტზე. ასეთი ვარიანტი, რომელიც ყოველთვის განიხილებოდა, იყო ქართული ვარიანტი. ასე ერქვა. საბოლოო ჯამში მან ქართული ვარიანტი განახორციელა. მგონია, რომ რუსეთს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მათ შორის განიხილავდა ომის ვარიანტს, შეჭრის ვარიანტს და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მომზადებული ჰქონდა საშინაო დავალებასავით, ამოიღო და განახორციელა. 

მესმის, რთულია პუტინის პოლიტიკის პროგნოზირება და ზოგადად რთულია თქვა რა სურს და რას ფიქრობს ის, მაგრამ რა სცენარს შეიძლება განიხილავდეს? 

- პუტინს უნდა, რომ უკრაინა დასავლეთის ნაწილი არ იყოს. მას უნდა, რომ უკრაინა ბოლომდე დაიმორჩილოს და დააჩოქოს ბოლომდე. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ უნდა ისეთი პროცესები წავიდეს, რომ საერთოდ დაიშალოს უკრაინა. ამის იმედი შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ მცდელობა აქვს. მას გაუხარდება თუ უკრაინაში დაიწყება პროცესები, რომლის შედეგადაც პირობითად ვამბობ, ჩამოაგდებენ ზელენსკის, მოვლენ ნაციონალისტი რადიკალები, დასცხებენ ერთმანეთს და დაყოფენ უკრაინას.  მეორე ვარიანტი - ეს არის რომ უკრაინა აქციოს საქართველოდ, ჩუმი, წყნარი, პარალიზებული, რომელსაც საკუთარი ჩრდილების ეშინია. ალბათ ის უფრო რეალისტურია, რომ ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს უკრაინაში, რომელიც იქნება არც პრორუსული, მაგრამ არც პროდასავლური. 

- რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს... პოლიტიკურ წრეებში და არამხოლოდ მის მიმართ განწყობები მკვეთრად პოზიტივისკენ არის მიმართული.

- ზელენსკი სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს და განცხადებებით შემოიფარგლება. აბა რა უნდა თქვას? დავწვავთ ყველაფერსო ხომ არ იტყვის? თავისი განცხადებებით აგულიანებს თავის ხალხს. ზელენსკი მნიშვნელოვნად გაიზარდა და საუბარი იმაზე, რომ ის ყოფილი კომიკოსია, არასერიოზულია. ზელენსკი როგორც პრეზიდენტი შედგა. მას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რაც პოლიტიკოსის მთავარი მისიაა და ეს, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა მისთვის. ის ღირსეულად იქცევა. რუსეთი არის აგრესიული, რადიკალური. ის არის სტიქია, ცუნამი, ვულკანი და ერთადერთი ასეთ დროს რაც შეიძლება გაკეთდეს, თავის დაცვაა. 

ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ რა გვაქვს საერთო 2022 წლის უკრაინასა და 2008 წლის საქართველოს შორის. ნამდვილად ბევრი საერთო გვაქვს. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მე აბსოლუტურად გაოგნებული ვარ იმაზე, რომ საერთოდ არ ვლაპარაკობთ რა განსხვავებები გვაქვს. განსხვავებები არის საქართველოს სასარგებლოდ. იმიტომ რომ აფხაზები და ოსები არ არიან რუსები, ისინი რუსული კულტურის და ცივილიზაციის ნაწილი არ არიან. შესაბამისად, ჩვენ მეტი რესურსები გვაქვს, რომ ჩვენს ხალხს აფხაზებს და ოსებს ველაპარაკოთ. 

დიდი განსხვავებაა უკრაინაში. იქ არიან რუსები ყირიმშიც და დონბასშიც, ისინი რუსული კულტურის ნაწილი არიან, მათ არ უნდათ უკრაინასთან ამიტომ ეს არის უდიდესი განსხვავება ჩვენსა და უკრაინას შორის. გვაერთიანებს რუსული აგრესია, ცალსახად ასეა. 

- რას გვეტყვით პუტინის ვრცელ მონოლოგზე? რა გენიშნათ ამ ვრცელი განცხადებით თქვენ? 

- რუსეთი ძალიან თავხედურად იქცევა. ყურადღებას ვაქცევთ რა გააკეთა რუსეთმა გუშინ, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას პუტინის გამოსვლას, რომელსაც საერთო არ ჰქონდა ამ „აღიარებებთან“. მას შეეძლო გამოსულიყო და ეთქვა, რომ „სიტუაცია ისე გართულდა, რომ ჩვენ იძულებული ვართ ვაღიაროთ“.  მან მთელი 1 საათიანი ლექცია წაიკითხა. 

ისტორიული განცხადება გააკეთა, ისტორიულში მხოლოდ დადებითი არ იგულისხმება. მან ამორალური ისტორიული განცხადება გააკეთა, ეს იყო მანიფესტი თუ როგორ ხედავს პუტინი დღევანდელობას და მომავალს. მან პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში გაანადგურა ლენინი, წარმოუდგენელია და არ მომხდარა არასდროს. ალბათ მალე ლენინს გამოაძევებენ მავზოლეუმიდან. მან დამარხა ლენინიზმი. 

მან აღმატებულად ილაპარაკა სტალინზე. სტალინისტი გახდა. მან აჩვენა უდიდესი განსხვავება სტალინსა და ლენინს შორის, რაც გააკეთა ხრუშოვმა და გორბაჩოვმა, როცა თქვეს, რომ ლენინი იყო უკეთესი და სტალინი იყო ბოროტება. 

ეს ამოაყირავა პუტინმა გუშინ. პუტინმა ახალი რუსეთი დააანონსა, სადაც თქვა, რომ ისტორიას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დღევანდელ რეალობას. პუტინმა პრაქტიკულად ორი უდიდესი შეცდომა, შეცდომა დავარქვა სწორი იქნება, მაგრამ დიდ სახელმწიფოებს შეცდომა როგორც წესი არ მოსდით, იმიტომ რომ რასაც უნდა იმას აკეთებენ. 

მან გამორიცხა რეალობებში ახალი სახელმწიფოების არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ის მოიტყუა უკრაინის ისტორიაზე. მან ის თქვა, რაც მას აწყობდა. მოიგონა რაც არ არსებობდა, ეს არის ისტორიის ფალსიფიცირება. მან არ აღიარა რეალიზმი. რეალიზმი რა არის? მაგალითად, როცა გაერო შეიქმნა და ის 50 სახელმწიფომ შექმნა, ახლა არის 192 სახელმწიფო ანუ 100-ზე მეტი სახელმწიფო შემდეგ შეიქმნა. 

რაც არ უნდა მართალი იყოს პუტინი უკრაინის ისტორიაში, ის ტყუის, არ არის მართალი, მაგრამ მართალიც რომ იყოს, უკრაინა არსებობს, ეს როგორც პოლიტიკოს პუტინს წესით არ უნდა ეშლებოდეს. იმიტომ რომ სახელმწიფოები იქმნებიან, არსებობენ და მათ აქვთ არსებობის უფლება. ეს არის აცდენა რეალობასთან. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რუსეთის სახელმწიფო დუმამ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებთან“ მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

🔴 ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს

🔴 ეუთო მოუწოდებს რუსეთს, რომ დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება უკან გაიწვიოს