მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩემი სურვილია, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილში უნიკალური რეფორმების არქიტექტორს ხედავდეს - ლეონიდ კუჩმა

ლეონიდ კუჩმა

„მსურს, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილში არა პოლიტიკურ ოპონენტს, არამედ მსოფლიოს მიერ აღიარებულ უნიკალური რეფორმების არქიტექტორს ხედავდეს“, - ამის შესახებ უკრაინის მეორე პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა. ინფორმაციას m.gordonua.com ავრცელებს.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაციის მოგვარებაში ჰუმანიზმის პრინციპით იხელმძღვანელონ.

„მიხეილ სააკაშვილი ძალზე მრავალწახნაგოვანი, რთული პიროვნებაა. შესაბამისად, მიხეილთან დაკავშირებით არსებული სიტუაციაც რთულია და მარტივი გამოსავალი არ არსებობს. მის გადასაჭრელად ყველა მხარემ სიბრძნე უნდა გამოიჩინოს და სიტუაცია მაქსიმალურად აწონ-დაწონონ. იმედი მაქვს, უკრაინის ხელისუფლება ამ ტესტს წარმატებით ჩააბარებს და არც უკრაინის მოქალაქის უფლებები დაირღვევა და არც სტრატეგიულ მოკავშირესთან, საქართველოსთან იმპერატიული ურთიერთობები არ დაზიანდება.

ბევრწილად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით საქართველო ევროპულ ფასეულობებს მიუახლოვდა, სადაც ჰუმანიზმი ერთ-ერთი უმთავრესი ცნებაა. დაბეჯითებით მოვუწოდებ თავად სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა. მას ვიცნობ, როგორც უშიშარ მებრძოლს და მორწმუნე ქრისტიანს. მაგრამ საკუთარი თავის ასე დასუსტება ნიშნავს ძალების დაკარგვას, რის შედეგად მომავალში ბრძოლა შეუძლებელი გახდება. საკუთარი თავისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება - ეს მომაკვდინებელი ცოდვაა“, - ამბობს კუჩმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამავე თემაზე:

🔴 „ყველაზე ეფექტური გზა სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა“ - ბასილაია სააკაშვილის გათავისუფლებაზე

🔴 „სააკაშვილი ციხეში საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს“ - უკრაინელი პოლიტიკოსი

🔴 საქართველოში ათიათასობით ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს - უცხოური მედიები აქციაზე წერს

🔴 „სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ინტერესებისთვის არ ჩათრეულა და უკრაინამ რატომ უნდა დაიცვას?“ - უკრაინელი ექსპერტი (ვიდეო)