მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი კომუნისტები - პუტინის მომავალი თავის ტკივილი - Bloomberg

რუსი კომუნისტების მომავალი

Bloomberg Opinion-ის მიმომხილველი ფერეირა მარკესი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებზე სტატიას აქვეყნებს და აცხადებს, რომ არჩევნებში რუსეთის „კომუნისტური პარტიის“ წარმატება კრემლისთვის სერიოზული საფიქრალი გახდა და რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს პარტია კონტროლიდან არ გაექცეს. ინფორმაციას bloomberg.com იუწყება.

„კომუნისტური პარტია“ 1996 წლის შემდეგ პრაქტიკულად არავის ახსოვდა. მაშინ რუსეთის ისტორიაში ერთადერთი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მეორე ტური დაინიშნა. დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში, რაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლების სათავეშია, „კომუნისტური პარტია" მართული და დამყოლი ოპოზიციის როლს თამაშობდა და კრემლს დემოკრატიის ფასადის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ახლა კი მისი მომავალი უფრო ბუნდოვანი გახდა.

რუსი კომუნისტების ლიდერს, 77 წლის გენადი ზიუგანოვს, რომელიც 1996 წელს ბორის ელცინის მთავარი კონკურენტი იყო, დღევანდელი მდგომარეობა აწყობს და ის რადიკალურ ავანტიურებს არ გეგმავს. მაგრამ კომუნისტური პარტია მხოლოდ ზიუგანოვი არ არის. იქ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სულ უფრო ხშირად საუბრობენ კორუფციაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, ნავალნის წინააღმდეგ კრემლის პოზიციაზე, ბოლოს კი ელექტრონული კენჭისყრის დროს დაშვებულ დარღვევებზე დაიწყეს საუბარი.

მაშინ, როდესაც რუსეთში ოპოზიციური აზრების გამოხატვის ბევრი საშუალება არ არის, ვინაიდან კრემლმა ოპოზიციური ველი, ფაქტობრივად გაანადგურა, კომუნისტურმა პარტიამ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გააერთიანა და ის აღარ არის მხოლოდ პენსიონერთა პარტია, რომლებიც წითელ დროშებს იქნევენ.

სექტემბრის არჩევნებში კომუნისტებმა პარტიული სიებით თითქმის 19% მიიღეს, რაც 2016 წელს მიღებულ 13%-თან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამას ხელი შეუწყო ე.წ. „ჭკვიანმა კენჭისყრამ“, როდესაც ალექსეი ნავალნის ინიციატივით, ოპოზიციამ მოუწოდა ამომრჩეველს ხმა მისცეს ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს, გარდა მმართველი პარტიისა. „კომუნისტებმა“ დუმაში წინა არჩევნებთან შედარებით 15 ადგილით მეტი მოიპოვეს და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას აჯობეს. ამ დეპუტატებს შორის კრემლის პოზიციის საკმაოდ აქტიური კრიტიკოსები არიან, მაგ. კომის რესპუბლიკის წარმომადგენელი ოლეგ მიხაილოვი, რომელიც ენერგომატარებლებით მდიდარი ამ რეგიონისთვის უკეთეს ფინანსურ პირობებს მოითხოვს.

რუსეთის „კომუნისტურმა პარტიამ“, რომელიც ყოველთვის კრემლისთვის ძალზე დამყოლი იყო, ახლა მოსკოვში საპროტესტო აქცია გამართა და ელექტრონული კენჭისყრის დროს დაშვებული თაღლითობა გააპროტესტა. გენადი ზიუგანოვი ამ აქციას არ ესწრებოდა. ის დუმის სხვა ფრაქციათა ხელმძღვანელებთან ერთად ვლადიმერ პუტინს ხვდებოდა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ახალი სახე“ კომუნისტებში პაველ გრუდინინია. ის 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის კონკურენტი იყო. გრუდინინი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში წარმატებული ბიზნესმენია, პუტინის მმართველობა ერთ-ერთი საბჭოთა ლიდერის, ლეონიდ ბრეჟნევის ხანგრძლივი მმართველობის წლებს ადარებს, რომელიც „უძრაობის“ სახელით არის ცნობილი.

კიდევ არის 36 წლის სარატოველი ნიკოლაი ბონდარენკო. მას YouTube-ის არხზე 1,6 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ბონდარენკო პუტინის „ერთიანი რუსეთის“ წევრებს ღიად უპირისპირდება. ერთხელ მან ექსპერიმენტი ჩაატარა და თვეში 3500 რუბლით (50 დოლარით) თავის გატანა სცადა, რათა ეჩვენებინა პენსიების მიზერული მატების შედეგი. ასევე, ბონდარენკო ერთხელ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს.

დღევანდელ დღეს „კომუნისტური პარტია“ მაინც ულტრაიერარქიულ სტრუქტურად რჩება. გენადი ზიუგანოვის მმართველობის პირობებში პარტია მაინც პროკრემლისტურ პოლიტიკურ ძალად ითვლება. ზიუგანოვი განმეორებითი სტალინიზაციის მომხრეა, ამასთანავე ის შიდა სისტემური ოპოზიციის ძალზე მოგებიან ნიშას იკავებს და დროდადრო შიდა პოლიტიკის პრობლემებს აყენებს, მაგრამ საგარეო პოლიტიკაზე პრაქტიკულად არ საუბრობს. ხანდაზმული ასაკის და პოპულარობის კლების მიუხედავად, გენადი ზიუგანოვი თანამდებობაზე უარის თქმას არ აპირებს.

ამასთანავე, კომუნისტების მხრიდან უკმაყოფილო ხმები და მოწოდებები კრემლისთვის, ბუნებრივია, საფრთხეს წარმოადგენს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინის მიზანი არ არის ამ პარტიის განადგურება, როგორც ეს ალექსეი ნავალნის შემთხვევაში მოხდა, არამედ პარტიის შესუსტება და მისგან უფრო დამყოლი პოლიტიკური ძალის შექმნა იქნება.

კრემლის მომავალი მოქმედებები ჯერჯერობით გაურკვეველია, „კომუნისტური პარტია“ არაერთგვაროვანია, მის ზოგიერთ წარმომადგენელს კრემლის ელექტორატის გადაბირება შეუძლია. ასევე, ამ პარტიას უცხოეთის გავლენაში ვერ დაადანაშაულებ და კომუნისტები რუსეთის ბევრ რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობაში არიან წარმოდგენილები. პარტიის წინააღმდეგ ხისტ რეპრესიებს შეიძლება კრემლისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვეს. ლონდონის სამეფო ინსტიტუტის ექსპერტი მარკ გალეოტი ამბობს, რომ რუსეთის კომუნისტური პარტია რუსეთში ერთადერთი ძლიერი პოლიტიკური მანქანაა, რომელიც კრემლზე დამოკიდებული არ არის. ახლა გასარკვევია, შეძლებს თუ არა ეს ძალა ლიდერის მოძებნას, რომელიც მის ოპერაციულ შესაძლებლობებს წარმატებით გამოიყენებს.

კრემლი გარისკვას არ აპირებს. პარტიის ყველაზე აქტიური წევრები როგორც პუტინის, ასევე, ზიუგანოვის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან. როდესაც ზიუგანოვი ლიდერის ესტაფეტის სხვა პირისთვის გადაცემას გადაწყვეტს, კრემლი შეეცდება, რომ ეს ისეთივე ხისტი პირი იყოს, რათა პარტია არ ტრანსფორმირდეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მსგავს ძალად. ამბოხებულ პოლიტიკოსებს კი რეგიონებში გაუშვებენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია გეგმა, მაგრამ არავინ იცის, შესაძლებელია თუ არა ამ გეგმის განხორციელება 2024 წლამდე, ანუ შემდეგ არჩევნებამდე“ - წერს კლარა მარკესი.

კლარა ფერეირა მარკესი Bloomberg Opinion-ის მიმომხილველია, რომელიც სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს აშუქებს. მანამდე ის Reuters Breakingviews-ის რედაქტორის მოადგილე იყო, ასევე მუშაობდა Reuters-ის კორესპონდენტად სინგაპურში, ინდოეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ისტორიაში პირველად ტუნისის პრემიერ-მინისტრი ქალი იქნება

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ

🔴 „დემოკრატიულ ქვეყანაში, მოსმენას არანაირი გამართლება არ აქვს“ - მარინა კალიურანდი