მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯას, ბედის ირონიით, ჩემთვის აღადგენდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან ახალ მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოში ქვეყნის გათავისუფლებისთვის დაბრუნდა და შიმშილს სიკვდილამდე აპირებს.

„1998 წელს, მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოში სიკვდილით დასჯის სამუდამოდ გაუქმების თაობაზე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღადგენდნენ, და, ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის. არა უშავს, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოროტი ვერასდროს ვერ სძლევს კეთილს.

აქვე, მინდა მივმართო ყველას. მეგობრებო, მე საპყრობილეში ჩავჯექი და ვშიმშილობ არა იმის გამო, რომ ეს იყოს მთავარი თემა. მე არ გავმხდარვარ ივანიშვილი მძევალი იმისთვის, რომ მთავარი თემა ჩემი უკან გამოხსნა ყოფილიყო. ცხადია, ამაში არც ლოგიკაა და არც რაციონალურობა. მე დავბრუნდი, ნებაყოფლობით მძევლობაში ჩავბარდი და ახლა სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ ჩემი მაგალითით წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში.

ამიტომაც, სრულიად მიუღებელია და ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემი ჯანმრთელობის თემას დღის წესრიგის მთავარ საკითხად, ნუ გადააფარინებს სააკაშვილის შიმშილობის თემას მთავარ ჩვენს მიზანს: მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების თემას. ჩემი შიმშილობა არის ამის მიღწევის საშუალება, და არ შეიძლება საშუალება უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე მიზანი.

და ბოლოს, ჩემთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებლისთვის, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილისმყოფელი დღე იყო. დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩემი ზიარებისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ - სააკაშვილი