მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენს გვერდით აუცილებლად იქნება ცარიელი სკამი და იმედი მაქვს, „თიბისი“ ბანკი იჯდება იქ, სადაც უნდა იჯდეს - „თიბისის“ აქციონერმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

თიბისი ბანკის დანფუძნებლები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ადვოკატი დიმიტრი ტორაძე

„თიბისი ბანკის“ აქციონერი იან მალ ჰოლმ  ჰოქი,  მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და კომპანიებისგან, „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდი“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ იანმ მალჰოლმ ჰოქის ადვოკატმა  დიმიტრი ტორაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც დიმიტრი ტორაძემ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანიის ზარალი, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით 50 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

მოსარჩელე მხარემ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და კომპანიების „სამგორიM“ და „სამგორი თრეიდისგან“, „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ  16 664 000 ამერიკული დოლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით 14 წლის განმავლობაში გადასახდელი პროცენტის დაკისრება მოითხოვა.

მისივე თქმით, რადგან „თიბისი“ ბანკი თავად არაფერს აკეთებს და ფიქრობს გააკეთებს თუ არა რამეს, იმისთვის რომ კაპიტალში დაბრუნდეს თანხა, აქციონერის უფლებაა, რომ მან საკუთრივ თვითონ იდავოს სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ.

„ჩვენ ვკითხეთ „თიბისი ბანკს“, რას აკეთებ ამისთვის?  ანუ რა სამართლებრივ და რა თანმიმდევრულ პროცედურებს ახორციელებ იმისთვის, რომ შენ კაპიტალში დაიბრუნო ეს თანხა. არ შეიმცირო კაპიტალი, არ დააზარალო საკუთარი თავი და არ დააზარალო აქციონერები. არსებობდა საკანონმდებლო დათქმა, 90 დღის ვადაში „თიბისის“ შეეძლო სრული იგნორი გაეკეთებინა  ჩვენთვის ან შეეძლო ეპასუხა და პასუხის მიხედვით წარმოგვეშვებოდა სარჩელით მიმართვის საფუძველი. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ „თიბისიმ“ ძალიან ნათლად განგვიცხადა, რომ არაფერი არ გაუკეთებია, არაფერს არ აკეთებს და ფიქრობს აწი გააკეთებს თუ არა რამეს. შესაბამისად აქციონერის უფლება არის, რომ მან საკუთრივ თვითონ იდავოს სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ და იდავოს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ. „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის, რომელიც გაიცა კომპანიებზე „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდი“ და მათ ანგარიშზე ამ თანხის მოხვედრისთანავე თანხა მოხვდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე. შემდეგ ეს სესხები ჩამოიწერა ისე, რომ დაბრუნების მცდელობაც კი არ განხორციელებულა“, - განაცხადა იან მალჰოლმ ჰოქიის ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ.

დიმიტრი ტორაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო განხილვის დროს „თიბისი ბანკისთვის“ ცარიელი სკამი ყოველთვის იქნება.

„ძალიან გაგვიკვირდა, რომ „თიბისის“ არაფერი აქვს გაკეთებული, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, სასამართლო განხილვის დროს ჩვენს მხარეს იქნება. ჩვენს გვერდით აუცილებლად იქნება ცარიელი სკამი, და დიდი იმედი მაქვს, რომ „თიბისი“  ბანკი აღმოჩნდება მოსარჩელის მხარეს, იჯდება იქ, სადაც უნდა იჯდეს და დაიცავს საკუთარ ინტერესებს“, - ამბობს დიმიტრი ტორაძე.

ინფორმაციისთვის, ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი.

იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

21 ივნისს მოსარჩელე მხარემ, სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მიზნით მიმართა, რის საფუძველზეც, სარჩელის წარდგენის პარალელურად, სასამართლომ  „თიბისი“ ბანკის აქციონერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 30 მლნ ლარამდე მისაღები დივიდენდები დაუყადაღა.

ამავე თემაზე:

„ჩემი დეკლარაცია საჯაროა, შეუძლიათ, მთელი ქონების წართმევა მოინდომონ, პრობლემა არ არის“ - ბადრი ჯაფარიძე 30 მლნ ლარის დაყადაღებაზე

სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 30 მლნ ლარი დაუყადაღა

⭕ თიბისის პარტნიორი ჯაფარიძისგან და ხაზარაძისგან მითვისებული თანხის დაბრუნებას მოითხოვს

⭕ რატომ ითხოვს ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ანაზღაურებას?