მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენს იხდიან რუსები საქართველოში შემოსასვლელად - BBC

ვითარება ლარსზე

„21 სექტემბრიდან ათასობით რუსი პრაქტიკულად იჭრება მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებში და ცდილობს, თავი დააღწიოს „ნაწილობრივ“ მობილიზაციას. ბოლო დღეებში, ჩატ-რუმებში, სადაც გადასულები ერთმანეთთან ურთიერთობენ, სულ უფრო ხშირად ჩნდება შეტყობინებები გამგზავრებაზე უარის თქმის შესახებ“, - რუსების საქართველოში გადმოსვლას BBC ვრცელ სტატიას უძღვნის.

გამოცემა წერს რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქე მიხეილზე, რომელმაც მეგობართან ერთად რუსეთის საზღვარი ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა და საქართველოში შემოვიდა. რუს მესაზღვრეებს თავად მიხეილთან კითხვები არ ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ მის მეგობართან.

„მოვიდა მესაზღვრე და თქვა, რომ მას ჰქონდა აკრძალვა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან, ის იყო მოგზაურთა აკრძალვის სიაში“, - ამბობს მიხეილი BBC-სთან ინტერვიუში.

მიხეილის მეგობარი 33 წლისაა და ჯარში მსახურობდა.

სასაზღვრო პუნქტზე მამაკაცს მისცეს ქაღალდი, სადაც ეწერა, რომ რეკომენდაციას აძლევდნენ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გამოცხადებულიყო აკრძალვის მიზეზების ასახსნელად. მიხეილს კი საქართველოში გამგზავრებას არავინ უშლიდა.

25 და 26 სექტემბერს რამდენიმე რუსულმა მედიამ, თავის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საზღვრები ჩაიკეტება - ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც სამხედრო სამსახურს ექვემდებარება. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის რეგიონებში საზღვრების დახურვისა და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც BBC წერს, საქართველოს საზღვარზე საცობებით თუ ვიმსჯელებთ, ის რუსებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცა. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, ირბეკ თომაევის განცხადებით, 26 სექტემბერს, ნაშუადღევს ზემო ლარსზე 3,5 ათასი მანქანა ელოდა ქვეყანაში გადასვლას.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომანქანამ და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა.

ორივე მხარის საბაჟო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა. 26 სექტემბრის საღამოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზემო ლარსის საზღვრის გადაკვეთა ნებადართული იყო ფეხით - და ამის გამო გადაკვეთაზე კიდევ ერთი რიგი შეიქმნა.

ასევე, გადაკვეთაზე შესაძლოა მალე ელექტრონული რიგიც გაჩნდეს - მისი ორგანიზების შესახებ დავალება ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ გასცა.

BBC კიდევ ერთ მგზავრს, ბორისს ესაუბრა.

„მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივები აქტიურად დადიოდნენ და სთავაზობდნენ ხალხს გასვლის სხვადასხვა ვარიანტს სხვადასხვა თანხის სანაცვლოდ. მაქსიმალური ფასი ავტოსადგომიდან პირდაპირ საზღვრამდე დაახლოებით 150 000 რუბლია {7230 ლარი}, ხოლო მინიმალური ფასი 15 000  რუბლია {723 ლარი} მხოლოდ პარკინგიდან გასასვლელად“, - განაცხადა ბორისმა.

26 სექტემბერს, ნაშუადღევს, რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე - ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიდამოებში, ჯავშანტრანსპორტიორებში რუსი სამხედროები შენიშნეს.

„ხანდახან ქართული მხარე უარს ამბობს, მაგალითად, თუ რუსები აღიარებენ, რომ ისინი ნამყოფი არიან საქართველოსგან მოწყვეტილ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მონახულების შემდეგ საქართველოში შესვლა აკრძალულია“, - წერს გამოცემა.

BBC კიდევ ერთ მგზავრზე წერს. მოსკოვიდან იგორმა {სახელი გმირის თხოვნით შეიცვალა} რუსეთის საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა.

იგორს პრაქტიკულად სამი დღე არ ეძინა. მესაზღვრეებმა ჰკითხეს, სად მიდიოდა, რა თანხა ჰქონდა თან და დაბადების ადგილიც დაუზუსტეს.

„დაახლოებით შვიდი წუთის შემდეგ კიდევ ერთი მესაზღვრე მოვიდა, ის ძალიან მოწყენილი იყო. ოფიციალური უარი მითხრა და თქვა, რომ ძალიან წუხდა. ხელი ჩამკიდა და მითხრა, ათი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, გაასაჩივროთ და ისევ სცადოთ საზღვრის გადაკვეთაო“, - განაცხადა იგორმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ 300 000 სამხედროს მობილიზებას მოახდენენ. 

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

აგრეთვე, 24 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 {გამოკითხვა} როგორი იქნება რუსი დეზერტირების მომავალი საქართველოში?

🔴 [გამოკითხვა] - უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში რუსი დეზერტირები?

🔴 🎥 ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა - რუსული მედია

🔴 „ყველას მოვუწოდებ სულიერი მობილიზაციისკენ, რაც ყველა ძალის მობილიზაციას შეუწყობს ხელს“ - პატრიარქი კირილი