მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობის ფასის გაორმაგების მიუხედავად, ძველი ნიშნული ჯერ კიდევ შორსაა

მოპოვება რუსეთში

ნავთობის ფასი ბოლო 2 თვეში გაორმაგდა და $41-ს მიაღწია, თუმცა ეს გაზრდილი ღირებულება იანვრის ფასის მხოლოდ 60%-ს შეადგენს. მოთხოვნის გლობალური შემცირების საპასუხოდ უმსხვილესმა ექსპორტიორებმა მიწოდებაც შემაცირეს, რამაც ფასი მხოლოდ ნაწილობრივ დააბალანსა.

წლის დასაწყისში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $69-ს შეადგენდა. ჩინეთში ამ დროს უკვე ვრცელდებოდა ეპიდემია, თუმცა მის მასშტაბებს ჯერ სერიოზულად არავინ უყურებდა.

1-ლი მარტისთვის, როცა ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 80 000-ს აღწევდა და ქვეყნის უდიდეს ქალაქებში კარანტინი იყო გამოცხადებული, ნავთობის ფასი $51-მდე იყო შემცირებული. პრობლემებმა #2 ეკონომიკაში „შავი ოქრო“ 2 თვეში 26%-ით გააიაფა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ფასის შესანარჩუნებლად მწარმოებლებმა მოთხოვნის შემცირება გადაწყვიტეს, მაგრამ შემცირების კვოტებზე საუდის არაბეთმა და რუსეთმა, მსოფლიოს ორმა ყველაზე დიდმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც 8 მარტს სულ რამდენიმე საათში ნავთობი 40%-ით $32-მდე გაიაფდა. აპრილში $20-საც ჩამოსცდა, რაც XXI  საუკუნეში პირველი შემთხვევა იყო.

ტენდენცია მსგავსი იყო WTI-ის ტიპის ნავთობის შემთხვევაშიც, ოღონდ აქ მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა. 21 აპრილს, მას შემდეგ რაც ძველ კონტრაქტებს ვადა ამოეწურათ, ამერიკული მსუბუქი ნავთობი ფასი მინუსში გავიდა და -$38-მდე დაცემით ისტორიული ანტირეკორდი მოხსნა.

ფასების კატასტროფული ვარდნა რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული, პანდემიის გამო ბუნებრივ ვარდნას საყოველთაო კარანტინი დაემატა. ავიამიმოსვლა თითქმის მთლიანად გაჩერდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტომობილით გადაადგილება და წარმოება. ამ ყველაფერს მოპოვების შემცირების თაობაზე მოლაპარაკებების რამდენიმე წარუმატებელი რაუნდიც დაერთო, რამაც მყისიერი ასახვა ჰპოვა რუსულ რუბლზეც, რომელმაც ასევე საუკუნის ანტირეკორდი მოხსნა.

შემოსავლების მკვეთრმა კლებამ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს საბოლოოდ მაინც პრაგმატული ნაბიჯისკენ უბიძგა. 13 აპრილს OPEC + ქვენებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მოპოვების რეკორდულ 10%-იან კლებას ნიშნავდა, ეს კი დღიურად 9.7 მლნ ბარელია.

შეთანხმება ძალაში მაისში შევიდა. ამავე დროს ქვეყნებმა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყეს, შედეგად მოკლე დროში ნავთობის ფასი გაორმაგდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წელს მთელ მსოფლიოში ეკონომიკა შემცირდება, ნავთობის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს.

დაგვიანებით, მაგრამ მაინც ფასების კლება საქართველოს საცალო ქსელშიც აისახა. 1 ლიტრი ბენზინის ფასი 60-70 თეთრით შემცირდა. ამას გარდა მარაგებისა და შემცირებული ფასების გამო საწვავის იმპორტი აპრილში 67%-ით, მაისში კი 64%-ით შემცირდა.