მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთი და სამაჩაბლო - რა გეგმები აქვთ პარტიებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?

პოლიტიკური პარტიები

პოლიტიკური პარტიები და მათი წინასაარჩევნო დაპირებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს დემოკრატიულ გარემოში. 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. პარტიები უკეთეს მომავალს და ერთიან საქართველოს გვპირდებიან.

როგორია პარტიების ხედვები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ვინ როგორ იბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს და რა დაპირებებს იძლევიან ისინი.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პარტიების 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიების დეოკუპაციის გეგმებს გაეცნო.

რა დაპირებას იძლევა მმართველი გუნდი ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით და რა წერია პროგრამაში?

ქართული ოცნება

აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება შერიგებისა დაჩართულობის პოლიტიკა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

განვაახლებთ არაღიარების, დეოკუპაციისა და დევნილთა უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნების პოლიტიკას.

მთავარი გეგმის მიზანია, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.

ჩვენი მიზანია, ქვეყანა საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მსოფლიოს მასშტაბით იყოს წარმატებული. უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო არის მთავარი წინაპირობა სახელმწიფოში ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისათვის.

ევროპული საქართველო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქართული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა.

დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, „ევროპული საქართველო” საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს.

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის – „ოკუპაცია“ – შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

ლეიბორისტული პარტია

„ლეიბორისტული პარტია“ რუსეთთან ურთიერთიერთობის დასტაბილურების მომხრეა მხოლოდ ერთ შემთხვევაში.

„თუ ვინმეს უნდა რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა, სტაბილიზაცია, ერთ-ერთი პირველი ვარ მე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ოკუპანტი რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნდება დედა საქართველოს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოლაპარაკებები თუ არ დაიწყო, თუ გაგრძელდა ჩვენი ტერიტორიების გადახვნა, შემოღობვა, ოკუპირება, ადამიანების გატაცება, მკვლელობა, წამება და დაჭრა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იძულებული ვიქნებით, გადარჩენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე განვალაგოთ აშშ-ის სამხედრო ბაზები, კოსმოსურ – ბირთვული შეიარაღებით“, - აცხადებს პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ლელო

აღვადგენთ ნდობას და ერთად გავაერთიანებთ საქართველოს. სტატუს-ნეიტრალური პირდაპირი დიალოგის დაწყება: ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და კულტურის სფეროში

ანაკლია - თავისუფალი ეკონომიკური ზონა - მიზიდულობისა და საქმის ერთად კეთების ცენტრი

ერგნეთის სავაჭრო ზონა - ერთად ვაკეთოთ საქმე, რუსეთის გავლენის დაბალანსება ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის გააქტიურებით.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და ოსი მოსახლეობის სამედიცინო სადაზღვევო პოლისებით უზრუნველყოფა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი პროფესიული გადამზადება.

ეთნიკურად აფხაზი და ოსი აბიტურიენტების ჩართვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში.

სტრატეგია აღმაშენებელი

საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ მიზნის უზრუნველყოფისთვის:

შევიმუშავებთ დეოკუპაციის გრძელვადიანი პოლიტიკის შესაბამის სტრატეგიას. შევიმუშავებთ რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკაზე საპასუხო ქმედით სტრატეგიას, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით დავიწყებთ ეროვნული მედეგობის ამაღლებისკენ კონკრეტული ზომების გატარებას.

გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას. ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გავზრდით ჟენევის ფორმატის ეფექტიანობას.

ხელს შევუწყობთ ნდობის აღდგენას და სახალხო დიპლომატიას. გავაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, რათა საქართველო მიმზიდველი გახდეს მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის. უპირობოდ შევთავაზებთ წარმატებულ კონკრეტულ პროექტებს ოკუპირებულ რეგიონებს.

გირჩი

პარტიაში აცხადებენ, რომ უფრო ხმამაღლა იყვირებენ და უფრო მეტ ადგილას ისაუბრებენ ამ პრობლემაზე. ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად კი მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

„ქვეყანა უნდა გახდეს უკეთესი და მიმზიდველი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის და უფრო მეტ დისკომფორტს შევუქმნით ოკუპანტს, პარალელურად კი ვეცდებით, საქართველო იყოს მიმზიდველი და საინვესტიციო ქვეყანა სხვებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში უკეთ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას მათი დახმარებით", — წერს გირჩი.

მათი აზრით, ქვეყანა თუ უკეთესი არ გახდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის „შანსი არ არსებობს“.

პატრიოტთა ალიანსი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე, დავით თარხან-მოურავი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია საკითხი გადაიჭრას, თუ საერთო ენა რუსეთთან არ მოიძებნა, თუ ამაში არ მიიღო მონაწილეობა ამერიკამ და ევროპამ.

„ყველას თანამონაწილეობაა საჭირო. ყველა მხარემ თავისი ინტერესები მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს.

თარხან-მოურავი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპაციის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია “იმ დიდი იმპერიების მონაწილეობის გარეშე, რომელთა ინტერესებიც იკვეთება.

„საქართველოს დეოკუპაცია მიუღწეველი იქნება კომპლექსური მიდგომის გარეშე. რუსეთი დეოკუპაციაზე არ წავა, სანამ ყველა სადავო საკითხი კომპლექსურად არ გადაიჭრება“, - აცხადებს თარხან-მოურავი.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

🔴 2000 ლარი ხელფასი მასწავლებლებს... უფასო კვება მოსწავლეებს... - როგორია 2020 წლის სასკოლო დაპირებები?

🔴 400 ლარი... მე-13 პენსია... - როგორია 2020 წლის საპენსიო დაპირებები?

🔴 ინჟინერი, ისტორიკოსი, დიპლომატი ... - რა განათლება აქვთ მიღებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს?