მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქციის 1 500 მონაწილეს პირბადე რომ გაუკეთო, რთულია? - პრემიერი ოპოზიციას უპასუხისმგებლოს უწოდებს

მთავრობის ხელმძღვანელი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მრავალრიცხოვან ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს, უპასუხისმგებლო უწოდა.

„მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობით შედეგს ვერ მივაღწევთ. ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს.

ეს ხომ არ არის რაღაც დიდი მოთხოვნები? ელემენტარული მოთხოვნაა - აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე. ეს ხომ რთული არ არის?! ან ელემენტარულად სთხოვო ადამიანებს, დაიცვან დისტანცია, მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ეს უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც, მავნებლობა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, ბარები, რომლებიც პოლიტიკური მანიპულაციით, რეგულაციებს არ იცავენ და მუშაობას განაგრძობენ, დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

„რამდენიმე კომპანიამ სცადა, ვითომ პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ. ყველა მათგანი დაჯარიმდება, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება. მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და ყველგან აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.

ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო. ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. ზოგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება, ხალხის შემოტყუება კლუბებსა და ღამის რესტორნებში, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, ეს კონკრეტული კომპანიებს პასუხისმგებლობაა, შესაბამისად კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვებათ პასუხი, მსგავსი ქმედებებისთვის, უმკაცრესად!“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, ბათუმში მრავალრიცხოვანი შეკრება-აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამართეს. ბარებში კი, პოლიტიკურ შეხვედრებს „გირჩი“ მართავს.

თბილისში, იმერეთსა და ბათუმში 22:00 საათის შემდეგ ბარები და რესტორნები იკეტებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8338 გამოჯანმრთელებულია, 143 გარდაცვლილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გახარია: არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება

გახარია: თავი დავიზღვიეთ და კორონავირუსზე გავიტესტეთ

პრემიერი: ლოქდაუნს არ გამოვაცხადებთ

პრემიერი: თვითიზოლაციაში რომ გადავიდე, ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს?