მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მნიშვნელოვანი იქნება პოზიციების მოსმენა, რატომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და არა იმაზე მსჯელობა, აქციები გაიმართება თუ არა“ - სარჯველაძე

პარტია „ქართული ოცნების“ სიის წევრი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სასურველია, მხარეებმა საერთო ხედვის წერტილი იპოვნონ და ერთმანეთის პოზიციები მოისმინონ.

იგი ოპოზიციის მხრიდან აქციების განახლებას განსაკუთრებით მაშინ, როცა მოლაპარაკებისთვის მზაობას აფიქსირებენ, არასწორ ნაბიჯს უწოდებს.

„მათი მხრიდან არ იყო თავდაპირველად სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს მიუხედავად იმისა, ამბობდნენ, თითქოს, სურდათ მოლაპარაკება.

ეს ყველაფერი არათანმიმდევრული იყო. საერთო ხედვის წერტილები უნდა ვიპოვოთ. მნიშვნელოვანი იქნება პოზიციების მოსმენა, რატომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და არა იმაზე მსჯელობა, აქციები გაიმართება თუ არა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლებას საპროტესტო აქციებით ითხოვენ.

ოპოზიციის აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

5 მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

„შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხვა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

„უნდა დათმოს მან, ვინც არასწორად იქცევა, ამ შემთხვევაში, ოპოზიციამ“ - რამაზ საყვარელიძე

„ოპოზიციას მოვუწოდებდი ხელშეკრულებაში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების საკითხიც შეიტანოს“- იაგო ხვიჩია

„დღევანდელი ოპოზიციის აქცია არის გუშინდელი დიალოგის სულისკვეთების საწინააღმდეგო“ - ელისაშვილი