მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, ბოიკოტი შეწყდეს მელიას გამოშვების შემდეგ“- გიგი უგულავა

გიგი უგულავა - „ევროპული საქართველოს“ წევრი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დასავლელი პარტნიორების მიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო.

გიგი უგულავა აცხადებს რომ, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა - რამდენად იქნება გამბედავი, არ აღმოჩნდეს საკუთარი სიტყვის მძევალი.

მისი თქმით, დადგა დრო, რომ ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის, მელიას გარშემო.

„ამისათვის მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია, ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია - ციხეში“- წერს გიგი უგულავა.

„არსებობს მომენტი როცა უნდა იგრძნო, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. ქართულმა ოპოზიციამ დიდი რამ შეძლო. მან ბოიკოტით ქვეყნის ივანიშვილის უკანა ეზოდ გადაქცევის საფრთხე გააცამტვერა.

ოცნებას ეგონა რომ პანდემიის პირობებში არავინ ამ აღვირახსნილ, ფალსიფიცირებულ არჩევნებს ყურადღებას არ მიაქცევდა. ის მწარედ შეცდა. მთელმა საქართველომ დაინახა რომ ქვეყანა არაა დატოვებული გონიერებისგან დაცლილი ოლიგარქის და მისი ყურმოჭრილი ამალის ამარა. სწორედ ეს იძლევა სამომავლოდ შეშლილი ოლიგარქის მოშორების იმედს. ახლა ჯერი ჩვენზეა. რამდენად ვიქნებით გამბედავები და საკუთარი სიტყვის მძევლობაში არ აღმოვჩნდებით.
ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო.

ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია - ციხეში“- აცხადებს უგულავა.

მისივე განცხადებით, აშკარაა, რომ ბოიკოტი არ არის საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის და საჭიროა ერთობის ახალი საფუძვლების ქონა.

„ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ. ამისთვის ერთობის ახალი საფუძვლები უნდა ვიპოვოთ. ასეთი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ოპოზიციის ხედვა და გეგმა:

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები.

ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა, ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ იმავე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით, - ამ ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია

ჩვენი მიზანი მიიღწევა ორ საფეხურად:

ა. პირველი საფეხური. საპარლამენტო არჩევნების პროპორციულობა

1. 2024- მდე ჩატარებული ყველა რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით. ამისთვის და სხვა აუცილებელი საარჩევნო რეფორმისთვის, ოპოზიცია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს, შედის პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილების - სრულად პროპორციულის, მხარდასაჭერად.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საფეხური მეორე:

2. დიდ ქალაქებში მერების ერთიანი კანდიდატებით და რაიონის საკრებულოებში კოალიციური თანამშრომლობით, მნიშვნელოვან ქალაქებში, პირველ რიგში თბილისში "ოცნების" დამარცხება. მხოლოდ პროპორციულ ნაწილში "ოცნების" 43%-ს ქვემოთ დატოვება, სწორი თანამშრომლობის პირობებში, სრულიად რეალისტური ამოცანაა, რაც, შეთანხმების მიხედვით, რიგგარეშე, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს

3. სრულად პროპორციული რიგგარეშე მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე

4. ასეთ პირობებში 15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული კანდიდატების {თბილისის მერობის კანდიდატის} ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად.

ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა - ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ

პ.ს. თუ ოცნება არ მოაწერს ხელს, მთელი წნეხი მასზე იქნება

პ.პ.ს. მე კარგად მესმის, რატომ იკავებს თავს ენმ. შეუძლებელია, როცა თავმჯდომარე მოტაცებულია, მიიღო სრულფასოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ ხელმომწერი პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია დათქმა - ბოიკოტი შეწყდება მხოლოდ ნიკა მელიას განთავისუფლების მერე. ეს წნეხი აუცილებელია. თავისუფლებაზე მყოფ მელიასთან ერთად ენმ-ს საშუალება ექნება, მშვიდ ვითარებაში იმსჯელოს და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს“- წერს გიგი უგულავა.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

იხილეთ აგრეთვე:

✅შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს

✅„შარლ მიშელის დოკუმენტში მითითებულია, რომ პოლიტპატიმრების საკითხი მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს“ - ვაშაძე

✅„არ მომწონს და არ მჯერა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს“ - ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე