მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიოტთა ალიანსი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს 

ირმა ინაშვილი, თარხან მოურავი

„პატრიოტთა ალიანსმა“ საკანონმდებლო ორგანოს მანდატების დატოვების მოთხოვნით მიმართა. 

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, ეს მანამდე იმიტომ ვერ გააკეთა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ თითქმის ყველა ლიდერი კოვიდინფიცირებული იყო.

„ახლა ჯანმრთელად ვარ, კარგად ვარ, ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს და ამ განწყობით ვაგრძელებ ბრძოლას, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად გააგრძელებს.

„მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. სრულიად უსაგნოა „ქართული ოცნების“ „ლოგიკა“, რომელიც გვეუბნება, რომ თითქოს ოპოზიცია ამ არჩევნების გაყალბებას ვერ ამტკიცებს.

არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენ ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამისი დამამტკიცებელი და დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა არსებობს. გადახედონ იმ გადასწორებულ სამარცხვინო ოქმებს, რომელიც თავის დროზე ცესკომ გამოფინა.

შესაბამისად ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში მუდმივად უსვამდა იმას ხაზს, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევალთ. ჩვენ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა, ჩვენს გზას მივყვებით და ყველა ნაბიჯი იქნება ზნეობრივი და სამართლიანი“,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ისინი გაყალბებაზე საუბრობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 ზაალ უდუმაშვილი: მე-5 რაუნდის დანიშვნას ველოდებით

🛑 თალაკვაძე: ჩვენი მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოვებული რაიმე ვერსია არ განიხილება

🛑 ელისაშვილი: ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება