მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იუსტიციის სამინისტრო თვითონვე ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ კონსილიუმს“ - ადვოკატები

ყოფილი პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კონსილიუმი დროის გასაყვანად შეიქმნა.

როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, არც სამედიცინო და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-18 დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად არ არის.

ბასილაია ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო თვითონვე ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ კონსილიუმს.

„სახალხო დამცველმა უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მაღალპროფესიული განცხადება იყო. არც სამედიცინო და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-18 დაწესებულება მზად არ არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი.

შესაბამისად, ეს რეკომენდაცია უნდა იქნეს გადაწყვეტილებად ქცეული და შესაბამისად სააკაშვილის ჰოსპიტალიზება უნდა მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში. იუსტიციის სამინისტრო თვითონვე ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ კონსილიუმს.

რაც შეეხება უსაფრთხოების კომპონენტს, ეს არის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რის გამოც მე-18 დაწესებულებაში არ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება. იქ არის მაღალი რისკი მის სიცოცხლესთან დაკავშირებით. „ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოჩენის ეშინია და კლინიკასთან დაკავშირებით ირაციონალური შიშები აქვთ“, - აცხადებს ბასილაია.

ამასთან, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი გელბახიანის თქმით, ცდილობენ ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ მიხეილ სააკაშვილზე და გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში.

„გამოდის, რომ კონსილიუმის შექმნა უბრალოდ თვალის ახვევა იყო, რომ დრო გაჭიანურებულიყო. დავუშვათ, თუ იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმის რეკომენდაციებს და არ აპირებს სააკაშვილის ჰოსპიტალიზებას სამოქალაქო კლინიკაში, მაშინ საერთოდ რისთვის უნდოდათ კონსილიუმი?

ცდილობენ ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ მიხეილ სააკაშვილზე და გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, სადაც სხვა პატიმრები არიან და სადაც, შეიძლება ბუნტი მოხდეს“, - აცხადებს გიორგი გელბახიანი.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები.

ნიკოლოზ ყიფშიძემ 23 ოქტომბრის საღამოს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

ყიფშიძის თქმით, ამაზე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც იკრიბება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება.

იუსტიციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იტყუება.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, - წერს რატი ბრეგაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები - ნინო ლომჯარია

👉 „სააკაშვილი რუსულ თამაშს ვეღარ ითამაშებს, აწი თუ ითამაშებს, მხოლოდ დომინოს“ - გოგა ხაინდრავა

👉 „ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა სააკაშვილს ემუქრება, არის გულის გაჩერების რისკი“ - სააკაშვილის ადვოკატები

👉 „ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე, ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“ - რატი ბრეგაძე