მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს შენობა

საპატრიარქო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივი სცენ ერთმანეთს და თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიისგან.

„გვინდა, შევახსენოთ ე.წ „მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწავლებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.

ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა.

სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქმნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები დილიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

მათ თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს, ამავდროულად ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს და დააზიანეს მათი ტექნიკა.

შემდეგ რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ.

ისინი ასევე იმყოფებოდნენ „გირჩის“ ოფისთან, სადაც შენობას კვერცხები ესროლეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს მან, ვინც ამ მარშის ჩატარებას ორგანიზება გაუწია“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

👉 „ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უმცირესობების სიტყვის გამოთქმის თავისუფლება“ - ქართველ მუსლიმთა კავშირი

👉 მინდა, პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ, ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ - გურამ ფალავანდიშვილი