მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიცით, რომ იქ ბარიკადებია აღმართული, უბრალოდ ბარიკადამდე გადავკეტავთ ხეობაში შესასვლელს“- ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი Pia.ge

რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღეს აქციის მონაწილეები თბილისის მასშტაბური აქციის შემდეგ გეგმავენ ხეობაში დაბრუნებას.

მისი თქმით, გადაიკეტება რიონის ხეობაში შესასვლელი გზები, მხოლოდ კომპანიის მანქანებისთვის და მუშა ხელისთვის.

როგორც ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, ხეობის მცველები არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში შესვლას საპოლიციო ძალებთან არ აპირებენ.

„ჩვენ რასაც ვამბობთ, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშივე წერია მთელი ის ჩამონათვალი, რასაც 212 დღეა ვაპროტესტებთ დარღვევები სახეზეა და ვფიქრობ, მოსახლეობას კანონიერი უფლება გვაქვს იმისა, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ.

პიკეტირებას რაც შეეხება, ჩვენ წინა ორი დღე რაც გადავკეტეთ თბილისის ქუჩები, ამ ფორმით ჩვენ შევახსენეთ დედაქალაქის მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხი წყდება.

წავაწყდით ისეთ გარემოს, რომ ბევრი ადამიანი კიდევ ვერ არის გარკვეული ამ საკითხებში და ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ამ ჩართულობით მოვახერხებთ იმას, რომ კიდევ მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ეს პროტესტი, რომელიც ნახევარი წელია, რიონის ხეობიდან ისმის.

ჩვენ მზად ვართ, ვიცით, რომ იქ ბარიკადებია აღმართული და ველოდით, რომ ეს ასეც იქნებოდა. უბრალოდ ჩვენ ბარიკადამდე გადავკეტავთ ხეობაში შესასვლელს.

აქ არის თვითონ კომპანიის ტრანსპორტზე და მუშახელზე საუბარი. გადავკეტავთ უშუალოდ მათ. ბარიკადი ჩვენ ამაში ხელს არ გვიშლის. ჩვენ მიჩვეული ვართ ამ პროცესს. ხუთჯერ დაგვარბია სპეცრაზმმა და ახალი არაა ჩვენთვის ის განცდა, რომ ჩავალთ და რაღაც დაპირისპირება იქნება.

თუმცა მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ არ შევდივართ არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში საპოლიციო ძალებთან. პირიქით, მორალური უპირატესობა იმდენად დიდია, რომ არ გვჭირდება ხელჩართული ბრძოლა გავმართოთ ჩვენსავე მოქალაქეებთან. ამიტომ იქ უბრალოდ დავდგებით და არავის მივცემთ საშუალებას, რომ გაგრძელდეს ხეობის ნგრევა“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამჟამად აქციებს დედაქალაქში მართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„არ ვაპირებთ, დავიძრათ თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ხელი შევუშალოთ 26 მაისის ღონისძიებას“ - ვარლამ გოლეთიანი

✅„იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა“ - ვარლამ გოლეთიანი

✅„სხვადასხვა სიმბოლიკები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს დაპირისპირების პროვოცირება“ - გოლეთიანი