მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

პატრიარქის მდივანი

კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს მომხდარ იციდენტთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება გაავრცელა. 

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგია, რომელიც ქართული ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალების ინტერესშია.

„გუშინ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა. მათთვის კი, ვისაც არ უნახავს კადრები, განვმარტავთ:

  1. ამა წლის 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად განაწესა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი.
  2. საქართველოს ეკლესიის კანონდმებლობის შესაბამისად, ვგულისხმობთ, მართვა-გამგეობის დებულებას, ეპარქიის ყველა სასულიერო პირი ვალდებულია დაემორჩილოს წმინდა სინოდის განჩინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პირი სასჯელს ექვემდებარება.
  3. მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის სიტყვიერი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკონმა დემონსტრაციულად უარი განაცხადა მღვდელმთავართან ერთად თანამწირველობაზე, რაც არის საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა.ამიტომაც, შესაბამისი საეკლესიო სასჯელი დაედოთ.
  4. პროტესტის ნიშნად, მათ და მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირების მცირე ჯგუფმა, აგრეთვე მათთან დაკავშირებულმა საერო პირებმა, მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში თავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ფორმით შეეცადნენ ჩაეშალათ მეუფე სტეფანეს მიერ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული საეკლესიო კრება.
  5. აღნიშნული სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები, ასევე ჟურნალისტები, ძალმომრეობით, შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მოაჯირის მორღვევა და 5 ადამიანის დაშავება. ამ ფაქტის გამო, გამოვთქვამთ ჩვენს მწუხარებას.

ვაცხადებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია მიმართული ამ ეპარქიისა და საერთოდ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ აქციაში მონაწილე პირთა ქცევა, საერთოდ არ შეესაბამება მორწმუნეთა ქცევას. დაგვანახა ისიც, რომ ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ყოველგვარ სიბინძურეზეა წამსვლელი. მათთვის კარგა ხანია სიცრუე, ძალადობა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არ აქვთ შიში და რწმენა, ახლა კი ძალმომრეობასაც აღარ ერიდებიან.

ყველას მოვუწოდებთ შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგის მიზანია. მითუმეტეს, ამას არც მალავენ. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ხალხი და კერძოდ ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა გამოიჩენს ჩვეულ სიბრძნეს და ღვთის წყალობითა და საერთო ძალისხმევით მშვიდობა დამყარდება და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებები აღიკვეთება“, - განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში, მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა. ინციდენტისას რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი შენობის აივნიდან გადაცვივდნენ.

ადგილზე შეკრებილმა მრევლმა სტეფანე კალაიჯიშვილისგან ეპარქიის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.

ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

მეუფე სტეფანე: ეგენი ეკლესიის მოწინააღმდეგეები არიან, ჩემი არა

„მთავარი მოთხოვნაა იმ ბრალდებების განხილვა, რაც პატრიარქის წინააღმდეგაა წაყენებული“ - დიაკონი კონსტანტინე

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე პირი აივნიდან გადავარდა (ვიდეო)